მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილის შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან

17 ნოემბერს, ბოლნისში, კავკასიის იურიდიული ინტეგრაციის ცენტრში,  ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” ინიციატივით, გაიმართა ბოლნისის მაცხოვრებელთა შეხვედრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილთან. 

შეხვედრისას ბადრი ნიპარიშვილმა ისაუბრა სასამართლოში მოქალაქის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ აქ შეუძლიათ მოქალაქეებს ნებისმიერი პირის თუ უწყების ხელყოფისაგან დაიცვან საკუთარი უფლებები. 

ღონისძიებას 13 ადგილობრივი მოქალაქე დაესწრო, მათ აღნიშნეს, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი სისტემა რიგ შემთხვევებში, სადაც სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება ობიექტური არ არის, რაც ნდობას არყევს სასამართლოს მიმართ.

მოსამართლის განცხადებით, სასამართლოში  მართლაც არსებობს რიგი გამოწვევები, რაც აუცილებლად უნდა გადაიჭრას ევროინტეგრაციისა და მოქალაქეთა უფლებების უკეთ დაცვისთვის.

მოქალაქეებმა მიიღეს კონსულტაციები და რჩევები მიწის რეგისტრაციასთან, სასამართლო განხილვის ვადებთან, ასევე პოლიციელების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოსამართლეებთან შეხვედრა მათთვის ფაქტობრივად ფუფუნება და იშვიათი მოვლენაა, დაუჯერებლადაც კი ჟღერდა ეს შესაძლებლობა, თუმცა ძალიან საჭირო და მისასალმებელია. 

აღნიშნული შეხვედრა გაშუქდა ქვემო ქართლში მოქმედ არაერთ ონლაინ მედიაში, კერძოდ, რადიო მარნეულის, Radio WW-ს, Interpress.ge-ს, Aktual.ge-სა და 24news.ge-ს მიერ.

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა და სასამართლოს შესახებ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.