წესდება

მუხლი 1
ზოგადი დებულებები

1.1. „პრევენცია პროგრესისთვის“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ )
იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. ორგანიზაციის სახელწოდებაა „პრევენცია პროგრესისთვის (PFP).
1.4. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირი.
1.5. ორგანიზაციის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, ზაალ ქიქოძის N12, ხოლო
ელექტრონული ფოსტის მისამართია [email protected].
1.6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების),
აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის
(პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე
მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების პირები პასუხს არ
აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

მუხლი 2
ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები


2.1 ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
ა) მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირება, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბ) ადამიანის უფლებების დაცვა და მათი წარმომადგენლობა ყველა ადმინისტრაციულ
ორგანოში, კერძო პირებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ასევე ეროვნულ და
საერთაშორისო სასამართლოებში;
გ) სამოქალაქო აქტივიზმის განვითარება;
დ) ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და
უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;
ე) ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ვ) ახალგაზრდებს შორის არაფორმალური განათლების, პროფესიული კურსების, ცხოვრების
ჯანსაღი წესის დანერგვა და განვითარება;
ზ) ბავშვთა კეთილდღეობის და არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების სისტემის
განვითარების ხელშეწყობა;

თ) კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა უფლებების დაცვა, მათი
რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიზნით საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო
საქმიანობის განხორციელება;
ი) დანაშაულის პრევენციის მიზნით საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო, სპორტული და
სხვა სახის საქმიანობის წარმოება;
კ) ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობის ანალიზი, შესაძლო
ცვლილებების ინიცირება, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
ლ) სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მართვისა და მენეჯმენტის
განხორციელებაში კონსულტაციების გაწევა;
მ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება, საერთაშორისო
კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება;
ნ) კვლევების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სამეცნიერო,
საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება;
ო) გრანტების გაცემა ორგანიზაციის წესდებით გასაზღვრული საქმიანობის შესრულების
ხელშეწყობის მიზნით;
პ) სხვა კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა.
2.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს
დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა
მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას.
ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს,
აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს
შორის დაუშვებელია.
2.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში/სარგებლობაში
არსებული ქონების გასხვისება, აგრეთვე სხვისთვის სარგებლობაში გადაცემა
შესაძლებელია მხოლოდ გამგეობის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნული ქმედება არ
ეწინააღმდეგება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნებსა და
საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების
განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

მუხლი 3. ორგანიზაციის წევრი

3.1 ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის
სრულწლოვან ასაკს მიღწეული ფიზიკური და კანონით დადგენილი წესით
რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აღიარებს ორგანიზაციის წესდებას და
სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნებისა და
ამოცანების განხორციელებაში. ორგანიზაციის წევრობის მსურველი წერილობითი
განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. აღნიშნული განცხადების საფუძველზე
წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის სხდომაზე.
3.2 ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დადგენილება გამოაქვს ორგანიზაციის გამგეობას.
3.3 ორგანიზაციის წევრის უფლებამოსილება წყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან იგი არღვევს მასზე დაკისრებულ უფლება-
მოვალეობებს;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდამჭერის მიმღებად და მოთავსებულია
შესაბამის სტაციონარულ დაწესებულებაში;
დ) გარდაცვალებისას.

მუხლი 4. ორგანიზაციის წევრთა უფლება-მოვალეობანი

4.1 ორგანიზაციის წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველობის ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის
პროგრამებში;
დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და
პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
ე) ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს
ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური
საშუალებებით;
ვ) ატაროს ორგანიზაციის ემბლემა.
4.2 ორგანიზაციის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება, დებულება და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის
საქმიანობაში;
დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის მიზნებითა და
პროფესიული ეთიკის ნორმებით;
ე) ორგანიზაციის საშუალებით დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები სახელმწიფო
ხელისუფლების და მართვის ორგანოებში;
ვ) ორგანიზაციაში წარადგინოს პროექტები და წინადადებები ამა თუ იმ საკითხებზე და
მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვასა და განხორციელებაში;
ზ) შეასრულოს ორგანიზაციის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებანი, რომლებიც
მიღებულია ორგანიზაციის წესდების და დებულების შესაბამისად და არ ეწინააღმდეგება
მათ უფლებებს;
თ) ორგანიზაციის ჩარჩოებში განავითაროს თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და
გაერთიანებებთან.

მუხლი 5. საერთო კრება

5.1 ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება
(შემდგომში – საერთო კრება).
5.2 საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ორგანიზაციის ყველა
წევრს. საერთო კრებაზე ორგანიზაციის წევრი იურიდიული პირი წარმოდგენილი უნდა
იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

5.3 მორიგი საერთო კრება იმართება წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის ნოემბერ-
დეკემბერში, მაგრამ ბოლო საერთო კრებიდან არაუგვიანეს ერთი წლის გასვლისა. კრება
მოიწვევა გამგეობის თავმჯდომარის მიერ.
5.4 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ:
ა) გამგეობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით;
ბ) დირექტორის მოთხოვნით;
გ) ორგანიზაციის დამფუძნებლების უმრავლესობის მოთხოვნით;
დ) ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.
5.5 გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია მორიგი და რიგგარეშე საერთო კრების
ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ აცნობოს ორგანიზაციის წევრებს კრებამდე
არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე.
5.6 საერთო კრება უფლებამოსილად ითვლება თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. თუ
კრება არ იქნება უფლებამოსილი, განმეორებითი საერთო კრება მოიწვევა ერთი თვის
ვადაში. ქვორუმის არარსებობის გამო, კრების განმეორებით მოწვევის შემთხვევაში, კრება
უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-
ზე მეტი.
5.7 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით,
თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5.8 ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სხვისთვის ხმის მიცემის უფლების გადაცემა
დაუშვებელია.
5.9 კენჭისყრა საერთო კრებაზე არის ღია, გარდა გამგეობის წევრების არჩევნებისა.
5.10 საერთო კრების კომპეტენციაა:
ა) დამსწრეთა 2/3-ის უმრავლესობით დაამტკიცოს წესდება, ან მასში შეიტანოს
ცვლილებები და დამატებები. ამის შესახებ უნდა ეცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს,
ხოლო რეგისტაციისთვის კრების გადაწყვეტილებით განისაზღვროს უფლებამოსილი პირი.
ბ) ფარული კენჭისყრით აირჩიოს გამგეობის წევრები და დაამტკიცოს გამგეობის
შემადგენლობა;
გ) შეამოწმოს ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენება და ამ
მიზნით შექმნას სარევიზიო კომისია ან მიიღოს გადაწყვეტილება ფინანსური აუდიტის
ჩატარების თაობაზე;
დ) წევრთა 2/3-ის შემადგენლობით მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის, ხოლო 3/4-ის
შემადგენლობით – ლიკვიდაციის შესახებ;
ე) გამგეობის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფილიალის ან
რეგიონალური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ;
ვ) დაამტკიცოს სალიკვიდაციო ბალანსი.
5.11 საერთო კრებას ხელმძღვანელობს დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით
კრების თავმჯდომარედ არჩეული პირი.
5.12 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს
აწერს გადაწყვეტილების მომხრე ყველა დამსწრე წევრი.

მუხლი 6. გამგეობა

6.1 ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას
წარმართავს საერთო კრებებს შორის პერიოდში.

6.2. ორგანიზაციის გამგეობის წევრებს ირჩევს და გამგეობის შემადგენლობას 3 წლის ვადით
ამტკიცებს საერთო კრება. გამგეობა შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან მინიმუმ 2
წარმოდგენილია გარე პირით. გამგეობის გარე წევრი შეიძლება იყოს აკადემიური წრის,
ადვოკატთა კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ადამიანის
უფლებათა სფეროში გამოცდილების მქონე პირი ან სხვა პირი, რომელსაც შეუძლია წვლილი
შეიტანოს ორგანიზაციის განვითარებაში და იზიარებს ორგანიზაციის მისიას, ფასეულობებს,
მიზნებსა და ამოცანებს. ერთი და იგივე პირი გამგეობის წევრად შეიძლება არჩეული იყოს
ზედიზედ არაუმეტეს ორი ვადით. გამგეობის წევრებიდან ორგანიზაციასთან შრომით
ურთიერთობაში მყოფი პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.
6.3 გამგეობას ხელმძღვანელობს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც ფარული კენჭისყრით,
გამგეობის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით აირჩევა გამგეობის
წევრთაგან. ერთი და იგივე პირი გამგეობის თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იყოს
არაუმეტეს ორჯერ.
6.4 გამგეობის სხდომები იმართება წერილწადში ორჯერ მაინც. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა
გამგეობის წევრის ან დირექტორის მოთხოვნით. მორიგი და რიგგარეშე სხდომის ჩატარების
თარიღს და სავარაუდო დღის წესრიგს განსაზღვრავს გამგეობის თავმჯდომარე და ამის
შესახებ წევრებს ატყობინებს სხდომამდე 7 კალენდარული დღით ადრე.
6.5 გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება სამი წევრი მაინც.
6.6 გადაწყეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში
გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6.7 გამგეობა:
ა) განსაზღვრავს ორგანიზაციის ხედვას, მისიას და ამტკიცებს სამოქმედო გეგმა;
ბ) განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად და სტრატეგიულ მიმართულებებს;
გ) მოიწვევს რიგგარეშე საერთო კრებას;
დ) აორგანიზებს საერთო კრების ჩატარებას;
ე) საერთო კრებას წარუდგენს წესდებაში შესატან ცვლილებების და დამატებების პროექტს;
ვ) მოისმენს და ამტკიცებს ორგანიზაციის საქმიანობის შინაარსობლივ და ფინანსურ
ყოველწლიურ ანგარიშებს;
ზ) მიმართავს საერთო კრებას ფილიალის ან რეგიონალური წარმომადგენლობის
დაფუძნების მიზნით;
თ) განაგებს ორგანიზაციის ქონებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა კოალიციაში გაერთიანების შესახებ;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის
დირექტორს და მოადგილეს;
ლ) ისმენს დირექტორის ან/და დირექტორის მოადგილის მიერ წარდგენილ შინაარსობლივ
და ფინანსურ ანგარიშებს;
მ) ახორციელებს დირექტორის და დირექტორის მოადგილის შეფასებას;
ნ) ითანხმებს და ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ საპროექტო წინადადებებს;
ო) დირექტორს აწვდის ინფორმაციას დაფინანსების შესაძლებლობებზე და ეხმარება
კავშირის დამყარებაში;
პ) იღებს გადაწყვეტილებას პირის ორგანიზაციის წევრად მიღების და წევრობის შეწყვეტის
შესახებ;
ჟ) ირჩევს აუდიტორულ კომპანიას;
რ) ირჩევს და ამტკიცებს საკონკურსო კომისიის ძირითად და სარეზერვო შემადგენლობას;
ს) შეიმუშავებს და ამტკიცებს ორგანიზაციის დებულებას, მასში შესატან ცვლილებებისა და
დამატებების პროექტს და ასევე, ზედამხედველობს დებულების წესების შესრულებას;

ტ) განიხილავს ორგანიზაციის წევრების, დირექტორის, მოადგილის და მესამე პირთა
განცხადებებს და საჩივრებს გამგეობის კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
უ) განიხილავს ყველა სხვა საკითხს, რომელიც არ შედის საერთო კრებისა და დირექტორის
კომპეტენციაში.
6.8 გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერენ
გამგეობის წევრები.
6.9 დირექტორს და მის მოადგილეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს გამგეობის
თავმჯდომარე.

მუხლი 7. დირექტორი და მოადგილე

7.1 დირექტორი და მოადგილე წარმოადგენენ ორგანიზაციას მესამე პირებთან
ურთიერთობაში. დირექტორს და მის მოადგილეს ნიშნავს გამგეობა 2 (ორი) წლის ვადით
ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. დაუშვებელია ერთი და იგივე პირის
დანიშვნა ზედიზედ ორზე მეტი უფლებამოსილების ვადით. რამდენიმე კანდიდატის
არსებობის შემთხვევაში, გამგეობა დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს იმ პირს,
რომელიც გამგეობის წევრთა ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს. დირექტორის მოადგილეს
გამგეობას დასანიშნად წარუდგენს თავად დირექტორი.
7.2 გამგეობის თავმჯდომარე, დირექტორი და მისი მოადგილე, ან წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი სხვა პირი ორგანიზაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ
კეთილსინდისიერად.
7.3 დირექტორი:
ა) წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) წარმოადგენს ორგანიზაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
გ) წარმართავს ორგანიზაციის აპარატის მუშაობას;
დ) წელიწადში ერთხელ ახდენს თანამშრომელთა შეფასებას;
ე) აცხადებს კონკურსს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის შესავსებად, შრომითი ან
მომსახურების ხელშეკრულების გასაფორმებლად;
ვ) წარმოადგენს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს და მონაწილეობს კადრების
შერჩევაში;
ზ) ზედამხედველობს ორგანიზაციის დებულების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში,
შესაბამისი ზომების მიღების მიზნით მიმართავს გამგეობას;
თ) მიმართავს გამგეობას ორგანიზაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში
გაერთიანების საკითხის გადასაწყვეტად;
ი) დებს ხელშეკრულებებს ორგანიზაციის სახელით;
კ) ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;
ლ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებსა და
მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს
შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას, გამგეობისა და საერთო კრების
წევრებს წარუდგენს ფინანსურ ანგარიშს;
მ) პასუხისმგებელია შესყიდვების განხორციელებაზე და უზრუნველყოფს ყველა
იურიდიულ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობასთან შესაბამისობაში ყოფნას;
ნ) გამგეობას წარუდგენს აუდიტორული კომპანიების სიას;

ო) პასუხისმგებელია ფონდების მოძიებაზე, პროექტების საბოლოო სახით ჩამოყალიბებასა
და განხორციელებაზე;
პ) გამგეობას შესათანხმებლად წარუდგენს საპროექტო წინადადებებს;
ჟ) გამგეობის წევრებს აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციაში მიმდინარე საქმიანობის
შესახებ;
რ) ექვს თვეში ერთხელ წარუდგენს გამგეობას ორგანიზაციის მუშაობის მიმდინარე
ანგარიშს და მისი საქმიანობის ანგარიშს;
ს) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
7.4 დირექტორის მოადგილე ეხმარება დირექტორს მისი უფლებამოსილების
განხორციელებაში.
7.5 ორგანიზაციის გამგეობამ, დირექტორის მოადგილეს შესაძლებელია დააკისროს
დირექტორის გარკვეული უფლებამოსილებები.
7.6 დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის ყველა უფლება-მოვალეობას მისი
არყოფნის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით უფლებამოსილების განხორციელების
შეუძლებლობის შემთხვევაში. დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში, ახალი დირექტორის დანიშვნამდე, მის ფუნქციებს ასრულებს მოადგილე.
7.7 დირექტორს/დირექტორის მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდება გამგეობის
გადაწყვეტილებით:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) წესდებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;
გ) წესდებითა და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობების
შეუსრულებლობის გამო;
დ) ზედიზედ 3 თვის განმავლობაში, თავისი უფლებამოსილების შესრულების
შეუძლებლობის გამო.
ე) უფლებამოსილების გადამეტების ან ორგანიზაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო
საქციელისათვის.

მუხლი 8

ორგანიზაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

8.1. ორგანიზაციის – „პრევენცია პროგრესისთვის“ – რეორგანიზაცია ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები,
დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი
ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
8.3. საერთო კრების გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების
შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი
რეგისტრაციის მომენტიდან.
8.4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს
განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საერთო კრება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება
შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
8.5. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის
დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
8.6. თუ ორგანიზაციის საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი
ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად
ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც აქვს იგივე
ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი
ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების
სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
8.7. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი
(პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი
პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
მქონე პირი.

მუხლი 9

ორგანიზაციის დამფუძნებლები

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:
ა) ანტონ ქელბაქიანი, პირადი ნომერი – 01017010722, მცხოვრები ქ. თბილისი ზაალ ქიქოძის
N12, დაბადებული 1980 წლის 1 სექტემბერს;
ბ) სოფიო ჩაგელიშვილი, პირადი ნომერი – 01026007788, მცხოვრები ქ.თბილისი,
ფანასკერტელის ქუჩა, კორპუსი N17, ბინა 6, დაბადებული 1981 წლის 30 აპრილი;
გ) მარიამ ნათაძე, პირადი ნომერი – 01026007861, მცხოვრები ქ.თბილისი, ფანასკერტელის
ქუჩა, კორპუსი N12, ბინა 1, დაბადებული 1981 წლის 23 აგვისტო;
დ) ნატალია ცაგარელი, პირადი ნომერი – 01008016293, მცხოვრები ქ.თბილისი, ტ.ტაბიძის
N52, დაბადებული 1980 წლის 2 ოქტომბერი.

მუხლი 10
დასკვნითი დებულებები

10.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა
დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
10.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად
იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
10.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული
შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.