სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, მარნეულში ადვოკატებთან შეხვედრა შედგა

არასამთავრობო ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” ორგანიზებით, 17 დეკემბერს სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის მიზნით, მარნეულში ადვოკატებთან შეხვედრა შედგა.  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის, იურიდიული დახმარების სამსახურის და სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატებმა. 

შეხვედრაზე ადვოკატებმა ისაუბრეს სასამართლოში საქმის განხილვის დროს უზრუნველყოფილი თარგმანის ხარისხის პრობლემასა და სასამართლოში საქმის განხილვის ვადების გაჭიანურებაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ, აღკვეთის ღონისძიებები ხშირად განიხილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეების მიერ, რომლებიც იყენებენ მკაცრ ღონისძიებებს. უმჯობესია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი სისხლის სამართლის  საქმეზე შესაბამისი სპეციალიზიაციის მქონე მოსამართლემ განიხილოს.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ადრეული ქორწინების საქმეებზე რეაგირებისას სამართალდამცავი სისტემის არაეფექტიანობაზე და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ე.წ. “ნიშნობის” კრიმინალიზაცია. 

ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მედიაციის შესახებ ქვემო ქართლის მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ძალიან დაბალია. 

აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.