საინფორმაციო შეხვედრა სოფელ სავანეთში

ორგანიზაციები პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), კვლავ აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს ბოლნისისა და მარნეულის  მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. შეხვედრები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება. 

პროექტის „სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში, 26 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში (იმირჰასანი), ახალგაზრდობისა და განათლების ცენტრში მოსახლეობასთან, რიგით მეექვსე საინფორმაციო შეხვედრა შედგა. Შეხვედრას 14 ადამიანი დაესწრო.

პროექტის გუნდმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოძებნონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, რა უფლებები აქვთ სასამართლოში, როგორც მხარეს და საჭიროებისას, სად შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. 

შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს, კერძოდ, აღნიშნეს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, არ არიან ინფორმირებულნი სასამართლოს ფუნქციონირებისა და თავიანთი უფლებების შესახებ. ამასთან, სასამართლო პროცესების პირველადი განხილვა სარჩელის შეტანიდან 5-6 თვის შემდეგ ინიშნება. 

სოფელ სავანეთის მაცხოვრებლების თქმით, ძირითადად აზერბაიჯანულ ან თურქულენოვან მედია საშუალებებს ეცნობიან, შესაბამისად, აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ უფრო არიან ინფორმირებულნი, ვიდრე საქართველოში და შესაბამისად არ იციან სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული კითხვები. 

პროექტის ფარგლებში კიდევ ორი ასეთი შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც.