საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისის სოფელ დარბაზში

ორგანიზაციები პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), კვლავ აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს ბოლნისისა და მარნეულის  მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. შეხვედრები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება. 

პროექტის „სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში მოსახლეობასთან რიგით მეხუთე შეხვედრა 21 ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში გაიმართა. პროექტის გუნდმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოძებნონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, რა უფლებები აქვთ სასამართლოში, როგორც მხარეს და საჭიროებისას, სად შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. 

შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს, კერძოდ, სოფელში გახშირებულია ქურდობის ფაქტები, მაგრამ არ ხდება ამ შემთხვევების სათანადოდ გამოძიება პოლიციის მხრიდან. ასევე, პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სხდომების გაჭიანურება, სასამართლოში მიმართვისას ენობრივი ბარიერის არსებობა, სასამართლოსადმი მიმართვის საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობა. ისაუბრეს ფაქტზე, როდესაც არ მოხდა მხარის დაბარება სასამართლოში და მის ქონებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი ინფორმირების გარეშე. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული კითხვები. 

პროექტის ფარგლებში კიდევ 3 ასეთი შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც.