სასამართლოს ხელმისაწვდომის საკითხებზე მულტი-უწყებრივი შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს, რეგიონში სასამართლოს ხელმისაწვდომის საკითხებზე მულტი-უწყებრივი შეხვედრა გაიმართა. Შეხვედრას 17 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, პროკურორები, ადვოკატები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ბიუროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა უნდა გაკეთდეს მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სასამართლოსადმი ნდობის  გაზრდის მიზნით. 

პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ნაშირ ორდუხანოვმა რადიო მარნეულთან ინტერვიუში შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: “შეხვედრის მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დიალოგს, რათა თავად განიხილონ თუ რა გამოწვევები და პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში”. 

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს სასამართლოს მონიტორინგის შედეგები, რომელიც  „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ მიერ განხორციელდა. აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მედიასთან ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით იკვეთება, მათ შორის არის პროცესების დაგვიანებით დაწყების ხშირი შემთხვევები და პროფესიონალური თარჯიმნის სერვისის მიღების პრობლემა. 

დისკუსიის შეჯამება საინფორმაციო სტატიის სახით გამოქვეყნდება, ორგანიზაცია პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც არსებობს სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. 

მულტი-უწყებრივი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის” მიერ,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით  გაიმართა.