არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული რთული ფენომენია, რომელსაც მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. მოზარდის ქცევაზე გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური, ისე ისეთი გარე ფაქტორები, როგორიცაა: ოჯახი, სოციალური გარემო, სკოლა და ა.შ. დანაშაულის გამომწვევი მიზეზების შემცირება უნდა გულისხმობდეს ისეთ ფაქტორებზე მუშაობას, როგორებიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, განათლების დაბალი დონე, სოციალური იზოლაცია და სხვა.
თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ასაკობრივი ფაქტორიც, რომელიც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ქცევაზე. გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებში (ე.წ „რიადის წესები“) ასახული ეს ჩანაწერი კარგად ასახავს ასაკის გავლენას ბავშვების ქცევაზე – „ახალგაზრდული ქმედებები ან საქციელი, რომლებიც არ შეესაბამება ყველა სოციალურ ნორმას და ღირებულებას, ხშირად წარმოადგენს განვითარების ნაწილს და სპონტანურად უჩინარდება უმეტეს პირებში ზრდასრული ასაკის მიღწევისას“. ამავე საკითხს ეხება „დეზისტანსის თეორია“, რომელიც ხაზს უსვავს, რომ დანაშაულებრივი ქცევის შეწყვეტას ძირითადად განსაზღვრავს სამი ფაქტორი: ასაკობრივი სიმწიფის მატება; სოციალური კავშირების გაძლიერება და საკუთარი თავის განსხვავებული, პოზიტიური აღქმა.
ასაკობრივი ფაქტორი ახდენს გავლენას მოზარდის ქცევაზე, თუმცა რამდენად შეიძლება ეს გამოიხატოს მწვავედ, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის – ოჯახური გარემო; საგანმანათლებლო სივრცე; სოციალური გარემო (თემი, სოფელი, უბანი) და მეგობრების წრე; რისკის შემცველი ინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დანაშაულის პრევენციაზე, ძირითადი პასუხისმგებლობა გადადის საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემებზე, თუმცა გარკვეული როლი აქვს სამართალდამცავ ორგანოებსაც, განსაკუთრებით სარისკო ქცევის მოზარდების იდენტიფიცირებასა და შესაბამის სამსახურებში გადამისამართებაში. გარდა ამისა, გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება უწყებათაშორისი თანამშრომლობას და კოორდინაციას, სადაც ერთიანი მიზნის მისაღწევად, ერთად მუშაობს – სამართალდამცავი ორგანოები; განათლების და სოციალური დაცვის სამსახურები, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ამიტომ, ძირითადი პასუხისმგებლობას „რთული ქცევის“ ბავშვების ქცევის მართვაზე უნდა იღებდნენ ზუსტად ეს უწყებები. შეუძლებელია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, რომელიმე ერთი უწყება იყოს პასუხისმგებელი.
ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის არის ბავშვი, მიაღწია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელს) თუ არა, როცა ის ჩადის მართლსაწინააღმდეგო ან ე.წ „რთულ ქცევას“, აუცილებელია ადეკვატური რეაგირება ამ ქმედების შემდგომი პრევენციის მიზნით. ბიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ ქცევა (და საკუთარი არსით, დანაშაულებრივი ქცევაც) დასწავლილია და მას სოციალური და ფსიქოლოგიური ჯილდოების და სასჯელების რთულ სისტემაზე რეაგირების პროცესი აყალიბებს. შესაბამისად, არასათანადო რეაგირება, ბავშვის რთულ ქცევაზე, პირდაპირ ახალისებს ამ ქმედების მომავალში გამეორებას.
რა იგულისხმება სათანადო რეაგირების ქვეშ?
ნებისმიერი ჩარევა, მას მერე, რაც ბავშვი გამოავლენს „რთულ ქცევას“, უნდა ეფუძნებოდეს მოზარდის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას, ბიო-ფსიქო-სოციალური კონტექსტის ანალიზს. განსხვავება მდგომარებს მხოლოდ იმაში, რომ რეაგირება ერთ შემთხვევაში შეიძლება ხდებოდეს მართლმსაჯულების (14 წლის ასაკის მიღწევის შემთხვევაში) სისტემის ფარგლებში, ხოლო მეორე შემთხვევაში საგანმანათლებლო/სოციალური სამსახურების ქოლგის ქვეშ. თუმცა, ორივე შემთხვევაში, რეაგირება უნდა იყოს მორგებული მოზარდის საგანმანათლებლო და სოციალურ საჭიროებებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ბავშვებისთვის არის მასტიგმატიზირებელი და ქმნის ბარიერებს საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. ზუსტად ამიტომ საერთაშორისო სტანდარტებში და ადგილობრივ კანონმდებლობაში, ხაზგასმულია, რომ პატიმრობა (ზოგადად ინსტიტუციური მიდგომა) უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა და უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა ალტერნატივებს. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში არის დანერგილი განრიდება-მედიაციის პროგრამა, ასევე არის შესაძლებლობა გამოყენებული იყოს არასაპატიმრო სასჯელები (პირობით მსჯავრი; შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა). ყველა ეს მექანიზმი არ ნიშნავს ბავშვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. ბავშვმა უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, თუმცა ეს შესაძლებელია გაკეთდეს მართლმსაჯულების სისტემის გარეთაც ან მართლმსაჯულების სისტემაში, ოღონდ ნაკლებ ინვაზიური მეთოდებით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ პროცესს ახორციელებს მართლმსაჯულების ორგანოები, აქცენტი უნდა კეთდებოდეს ბავშვის კეთილდღეობაზე, მის საგანმანათლებლო და სოციალურ საჭირებებზე. განსხვავება შეიძლება იყო მხოლოდ ბავშვის სამართლებრივ სტატუსში.
როგორ უნდა მოქმედებდეს სისტემა, როდესაც 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მისი სისხლის სამართლის პასუხისგმებლობა ვერ დგება ასაკის გამო?
ბავშვთან მიმართ მიდგომები, ამ შემთხვევაშიც უნდა ეფუძნებოდეს რისკებისა და საჭიროებების შეფასებას, ბავშვის საგანმანათლებლო და სოციალურ საჭიროებებს. ასეთი ანალიზი გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად განვსაზღვროთ ის მიზეზები, თუ რატომ გადადგა ბავშვმა ეს ნაბიჯი. ჩარევები უნდა გულისხმობდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, თუმცა არა ზოგადად პასუხიმგებლობისგან გათავისუფლებას. მოზარდს ჭირდება დახმარება პასუხისმგებლობის აღებაში, თავისი ქმედების გაცნობიერებაში და ამაში მას უნდა ეხმარებოდნენ შესაბამისი სპეციალისტები (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები). ასეთი სახის ინტერვენციები კი ერთმნიშვნელოვნად უნდა ხდებოდეს საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემის ქვეშ და ამ პროცესთან მართლმსაჯულების სისტემას არანაირი კავშირი არ უნდა ქონდეს.
ბიო-ფსიქო-სოციალური ანალიზის შედეგად. კარგად უნდა გამოჩნდეს, ის წერტილები, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, რა მიმართულებითაც უნდა განხორციელდეს ჩარევები. ინტერვენციები შეიძლება გულისხმობდეს – საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას, მშობლების გაძლიერების პროგრამებს, თუმცა, ასევე შესაძლებელია კონტროლისა და სუპერვიზიის მეთოდების აქტიურად გამოყენებაც. ნებისმიერი სერვისის/პროგრამის შეთავაზებისას, მაქსიმალურად მოხდეს ბავშვის მოსმენა, მოტივირება და მისი ნებაყოფლობით ჩართვა პროგრამებში. თუმცა, ყოველთვის შესაძლოა იყოს იმის რისკი, რომ ამ ძალისხმევამ არ გამოიღოს შედეგი და აუცილებელი გახდეს სხვა მექანიზმების გამოყენება.
რა შეიძლება იგულისხმებოდეს კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაში?
საჭიროების შემთხვევაში, როდესაც სხვა ჩარევები არ არის ეფექტური, შესაძლებელია ისეთი მექანიზმის გამოყენება, როგორიც არის მშობლების პასუხისმგებლობის გაზრდა და უფრო მეტად გამოკვეთა, რომ მათ განახორციელონ ბავშვის ინტენსიური ზედამხედველობა, ასევე უზრუნველყონ ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილება. ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა მშობლების/მეურვეების მხრიდან ხდება ბავშვების უგულვებელყოფა, რომელიც განხილება, როგორც ბავშვზე ძალადობის ფორმა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც. თუმცა, შესაძლებელია, რომ სურვილის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზების გამო (ეკონომიკური მდგომარეობა, უნარების დეფიციტი, გადატვირთული სამუშაო პირობები და ა.შ.) მშობელი/მეურვე ვერ ახერხებდეს რთული ქცევის ბავშვის მართვას და ამ კუთხით, მას ესაჭიროებოდეს კონსულტირება და მხარდაჭერა. სახელმწიფო უნდა თავაზობდეს მშობლებს ამაზე ორიენტირებულ პროგრამებს.
გარდა ამისა, სასკოლო სივრცეში, ფსიქოსოციალური მომსახურეობის და მხარდაჭერის გარდა, შესაძლოა განხორციელდეს მოზარდის ზედამხედველობაც და ამ ინსტიტუციამაც აიღო ამ მხრივ პასუხისმგებლობა. იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებზე და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების პასუხისმგებლობაზე.
თუმცა, ყველაზე სენსიტიური საკითხია, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს სისტემა, როდესაც ზემოთ აღნიშნულმა ჩარევებმა არ გამოიღოს შედეგი და არის მაღალი რისკი, რომ მოზარდი გააგრძლეებს მართლსაწინააღმდეგო ქცევას, საფრთხეს შეუქმნის საკუთარი და/ან სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასეთი შემთხვევები რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, დამოკიდებულია თუ როგორ მუშაობს პრევენციული მექანიზმები, საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემა. თუმცა, იდეალური სისტემის შემთხვევაშიც კი, ბოლომდე შეუძლებელია გამოირიცხოს ასეთი საჭიროების არსებობა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიუღწეველ ბავშვების მიმართ ინსტიტუციური მიდგომების გამოყენებას სიფრთხილით ეკიდება საერთაშორისო სტანდარტები და ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე ყველა სპეციალისტი. ყველას აქვს გაცნობიერებული ინსტიტუციური მიდგომის დამაზიანებელი ფაქტორები ბავშვის განვითარებაზე. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, ასეთი სახის ჩარევები ზუსტად შეიძლება გამოწვეული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან.
ამ შემთხვევაშიც უნდა გამოიყენებოდეს ანალოგიური პრინციპი, რომ ინსტიტუციაში მოთავსება განხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით. საერთაშორისო პრაქტიკა, როგორც წესი, ასეთ შესაძლებლობას განხილავს ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს აშკარად გამოხატული აგრესიული ქცევა, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, მართლსაწინააღმდეგო ქცევას აქვს სისტემატიური ხასიათი და სხვა სახის ჩარევების მიუხედავად (ბავშვთან ინდივიდუალური მუშაობა; სერვისის შეთავაზება; მშობლების ჩართვა და გაძლიერება; სუპერვიზია ოჯახის და სკოლის დონეზე და ა.შ.), ვერ გამოიღო შედეგი. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს მსჯელობა, რომ შეზღუდული დროით და როგორც უკიდურესი ზომა, ინსტიტუციური მიდგომის გამოყენება მოხდეს.
რა შეიძლება იგულისხმებოდეს ინსტიტუციური მიდგომაში?
ესეთი სახის ინსტიტუციები სხვადასხვა ფორმით შესაძლოა არსებობდეს, თუმცა მთავარი რისკი მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ გადაიქცეს ციხის მსგავს ინსტიტუციად. დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლედ პერიოდით. თუმცა, ამ მექანიზმის არსი მაინც მდგომარეობს იმაში, რომ მოზარდს, გარკვეული პერიოდი მაინც, არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დატოვოს ეს დაწესებულება. ასეთი სახის ინსტიტუციას უნდა ყავდეს სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების ძლიერი გუნდი; უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის საჭიროებებზე მორგებული სერვისები და განსხვავება არაინსტიტუციურ მიდგომებისგან შეიძლება მდგომარეობდეს მხოლოდ იმაში, რომ მოზარდს შეზღუდული აქვს მცირე დროით გადაადგილების უფლება.
ესეთი სახის ინსტიტუცია შეიძლება იყოს საოჯახო ტიპის სახლი გარკვეული სახის ლიმიტირებული შეზღუდვებით, სადაც უნდა ხორციელდებოდეს ბავშვზე ინტენსიური ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში მშობლების/მეურვეების ჩართულობით. ეს არ უნდა გულისხმობდეს სრულ იზოლაციას, ბავშვებს, რისკების შეფასების საფუძველზე, უნდა ქონდეთ კონტაქტი გარე სამყაროსთან და გარკვეული პერიოდი დაწესებულების დატოვების შესაძლებლობაც. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი სახის ინსტიტუციაში მოთავსების თაობაზე, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს სასამართლო ბავშვის ჩართულობით და უნდა ხდებოდეს ამ მექანიზმის პერიოდული და ხშირი გადასინჯვა (მაგალითად, კვირაში ერთხელ). ასევე კარგად უნდა იყოს განსაზღვრული თუ რა შემთხვევაში და ვის უნდა ჰქონდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.
რა სახის საკანონმდებლო ხარვეზები არსებობს?
ასეთი სახის ინსტიტუცია საქართველოში არსებობდა და ეს იყო სამტრედიის N15 სკოლა პანსიონი. ეს სკოლა იყო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში და მის მენეჯმენტსაც ეს უწყება ახორციელებდა. ბევრი კითხვები არსებობა ამ სკოლის საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით, რის გამოც მოხდა მისი გაუქმება.
2020 წელს მთავრობის N681 დადგენილებით, იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმროს სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ქვეშ ჩამოყალიბდა – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი. ამ სამსახურს დაეკისრა, მართლსაწინააღმდეგო და რთული ქცევის ბავშვებისთვის გარკვეული მომსახურეობის გაწევა.
ამ დადგენილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, ვალდებულია ამ უწყებაში გადაამისამართოს 7-14 წლამდე ბავშვი, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დადგენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, თუმცა ასაკის გამო ბრალის წაყენება ვერ ხდება. ამ ინსტიტუციას ევალება ამ ბავშვის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა.
ამავე დადგენილებით განსაზღვრულია არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების არსებობა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა მისი მარეგულირებელი ზოგადი ნორმები არსებობს. ამ დაწესებულებაში შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირის გაგზავნა, სადაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული განზრახი ქმედების ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
თუმცა, სერიოზული ხარვეზებია ამ ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ სხვა დებულებებთან მიმართებაში, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გამოვყოფ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
- არსებული პროცედურებით, რეფერირების დაწესებულებაში შესაძლოა გაიგზავნოს ბავშვი სხვა რთული ქცევის შემთხვევაში, რომელიც არ უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსი გათვალისწინებულ ქმედებას, რაც არასწორია. ჯერ ცოტა ბუნდოვანია, თუ რას ნიშნავს „რთული ქცევა“. ნებისმიერ სხვა სახის სარისკო ქცევებთან დაკავშირებით, ბავშვზე ზრუნვა უნდა ხორციელდებოდეს ერთმნიშვნელოვნად საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემაში და ამ ინსტიტუციის ამ შემთხვევებზე მორგება დაუშვებელია;
- ამ ინსტიტუციაში გაგზავნა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, თუ მშობლები თანხმობას აცხადებენ, რაც ასევე დაუშვებელია. ესეთი სახის გადაწყვეტილება, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი;
- არ არის განსაზღვრული თუ რა სახის და რა შინაარსიის უნდა იყოს ეს დაწესებულება, რაც ბევრ კითხვას აჩენს, თუ როგორი ფორმით შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს ინსტიტუცია. ძალიან ბევრი არის სამუშაო, თუ რა ფორმა ექნება ამ დაწესებულებას. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩართულობით, უნდა შეიქმნას ამ ინსტიტუციის ფუნქციონირების მარეგულირებელი საკანონმდენლო ბაზა.
რა სახის რისკები შეიძლება არსებობდეს ასეთი სახის დაწესებულების ჩამოყალიბების შემთხვევაში?
მთავარი პრობლემა რაც დღეს გვაქვს, დაკავშირებულია თანმიმდევრული პრევენციული პოლიტიკის არარსებობასთან. განათლებისა და სოციალური დაცვის სისტემები, ცდილობენ არ აიღონ პასუხიმგებლობა ასეთ შემთხვევებზე, რის გამოც გამოც გვაქვს არასრულწოვნებში დანაშაულებრივი ან სხვა რთული ქცევების ზრდა. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება საზოგადოებაში, რომელიც ითხოვს ამ საკითხზე რეაგირებას. ცალკე გამოსაყოფი საკითხია, დაზარალებული პირების თუ ორგანიზაციების ინტერესი, რომელიც ითხოვს სახელმწიფოსგან ჩარევას, რომ მათი საკუთრება და ბიზნესი იყოს დაცული. გარდა ამისა, არის ასევე რისკი, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიღმა თუ არ ჩამოყალიბდება ასეთ შემთხვევებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები, უფრო მეტად მომწიფდეს საზოგადოებივი აზრი სისხლის სამართლის პასუხიმგებლობის დაწევის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა განხილული იყოს 14 წლამდე პირებთან მიმართებაში ინსტიტუციური მიდგომების შეზღუდული დროით გამოყენება, არის რისკი, რომ ასეთი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, თან პრევენციული პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ეს მექანიზმი გამოყენებული იყოს, არა როგორც უკიდურესი ზომა, არამედ ხშირი პრაქტიკა და ამ გზით შეეცადოს სისტემა სწრაფი შედეგის მიღებას. ინსტიტუციური მიდგომები უნდა იყოს, უკიდურეს, უკიდურეს, უკიდურესი ზომა და ეს მექანიზმი უნდა განიხილონ, როცა სხვა საშუალებებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ვეღარ მოხერხდება.
ანტონ (ტატო) ქელბაქიანი
29.03.2024