სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრა

მიმდინარე წლის  22 იანვარს, მარნეულში, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა აქტივისტების მონაწილეობით, ქვემო ქართლის რეგიონში მართლმსაჯულების სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ მსჯელობა გაიმართა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ ორჟონიამ ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ქვემო ქართლის რეგიონში მართლმსაჯულების სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული კვლევის წინასწარ მიგნებებზე. 

მან აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა რეგიონში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ ქართული ენის არცოდნა, რის გამოც რეგიონის მოსახლეობა ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, იგივე ტიპის გამოწვევებია ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის მიმართულებითაც. 

ხაზი გაესვა, რომ ქართული ენის სწავლების მიმართ სწორი მიდგომა უნდა დაიწყოს სკოლამდელი აღზრდის პერიოდში და გაგრძელდეს სკოლაში, სადაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დუალური პროგრამის ხელმისაწვდომობა. 

საუბარი შეეხო 4+1 პროგრამის გაუმჯობესებასაც, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უმაღლესი განათლების ეტაპზე. მ. ორჟონიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ცნობიერების დონე არსებული სერვისების შესახებაც  ძალიან დაბალია და სახელმწიფო სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებას ხელმისაწვდომი შესაძლებლობების თაობაზე. 

კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ უმცირესობათა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიაში ცალკე არ არის  გამოყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის კუთხით უმცირესობების საჭიროებები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. 

შეხვედრის მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელესეს, როგორც ქართული ენის სწავლების დონის გაუმჯობესების საჭიროებაზე, ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია როგორც სასარჩელო ფორმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი შემაჯამებელი დოკუმენტები სასამართლოში ითარგმნოს უმცირესობათა ენაზე, რათა მოქალაქეებმა შეძლონ გარკვევა მათ მიმართ მიმდინარე პროცედურებში. დასახელდა შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ენის არცოდნისა და თარჯიმნის ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო, ადამიანებს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგათ.  

შეხვედრის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს მოწვეულ სპიკერს, უშუალოდ სახალხო დამცველისთვის გადაეცა ყველა ის გამოწვევა, რაც შეხვედრაზე დასახელდა და ეთხოვა მისთვის სახელმწიფოს განეხილა ზოგადად უმცირესობათა ინტეგრაციის კუთხით პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, მათ შორის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხითაც.

შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივი მედიების მიერ, კერძოდ, რადიო მარნეულმა აღნიშნულ თემაზე ვრცელი სტატია მოამზადა- რა პრობლემებს ხვდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სასამართლოში – აზერბაიჯანულენოვანი სტატია მოამზადა 24news.ge-მაც. 

აღნიშნული განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების, “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის” ინიციატივითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.