2022 წლის 2 მაისს, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სუიციდის პრევენციის პოლიტიკის კვლევა შეაჯამა

2022 წლის 2 მაისს, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სუიციდის პრევენციის პოლიტიკის კვლევა შეაჯამა. დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის ექსპერტმა- ტატო ქელბაქიანმა წარმოადგინა სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შესახებ სამაგიდე კვლევის ანალიზი, ისაუბრა ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებზე.

გარდა კვლევის პრეზენტაციისა, ღონისძიების მიმდინარეობისას, პროექტის ფსიქოლოგებმა – მარიამ ნათაძემ და სოფიო კოკოლიშვილმა  შეაჯამეს სუიციდის პრევენციის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოქმედი ონლაინ სერვისის საქმიანობა და მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში მოხალისეთა გადამზადებისა და სუპერვიზიის მიმდინარეობა. პროექტში ჩართულ მოხალისეთაგან, გამორჩეულად აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები ყველაზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ აქტიურად ჩართულიყვნენ შემაჯამებელ დისკუსიაში.

პროექტი „შეუნარჩუნე სიცოცხლე“ ხორციელდება ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში და მიზნად ისახავს 17-24 წლის ახალგაზრდებში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის შეფასებასა და აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის, ასევე მათი მშობლებისა და ახლობლებისთვის პირველადი ონლაინ სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.