ციხის პერსონალი, მახინჯი სისტემის მსხვერპლი, ტატო ქელბაქიანი

მე ვფიქრობ, რომ ცოტას თუ აქვს გააზრებული თუ რა სიძნელეებთან არის დაკავშირებული ციხეში მუშაობა. სამწუხაროდ დღესდღეობით პატიმრების უმეტესობა განთავსებული არიან დიდი ზომის ღია ტიპის დაწესებულებებში, ე.წ „ზონებში“, სადაც მათი რაოდენობა ზოგ შემთხვევაში 2000 პატიმრამდე არის. არის სრული დისბალანსი პატიმების და თანამშრომლების რაოდენობას შორის. ზოგ შემთხვევაში 1 უსაფრთხოების ოფიცერზე შესაძლოა 300-400 პატიმარი მოდიოდეს. გარდა ამისა, დაწესებულების ინფრასტრუქტურა და ზოგადად სტატიკური უსაფრთხოების სისტემა არ იძლევა პატიმრების რისკების მიხედვით ეფექტურად განაწილების შესაძლებლობას, რაც რელურად გაადვილებდა კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, უსაფრთხოების და რეჟიმის დაცვის მთავარი ფუნქცია რიგით თანამშრომლებზე მოდის, რომლებმაც არსებული რესურსების ფარგლებში უნდა შეძლოს სიტუაციის კონტროლი ციხის შიგნით.

ცხადია პერსონალისთვის ურთულესი ამოცანაა, რომ ამ მოცემულობაში შეძლოს თავისი ფუნქციების ეფექტურად შესრულება. ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევიდან გამოკვეთა, რომ მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, ციხის ადმინისტრაციას პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან აქვს მითითება, რომ ნებისმიერ ფასად დაწესებულებებში შეინარჩუნოს სიწყნარე; ასევე ავალებენ არ იწერებოდეს საჩივრები შიგნით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ზოგადად დაწესებულებიდან არ გამოვიდეს არანაირი სახის ინფორმაცია, რაც დააზიანებს სამინისტროს რეპუტაციას. რას ამბობს ამის თაობაზე ყოფილი თანამშრომელი –  „რაღაცეებით აბალანსებენ ამ მდგომარეობას, რატომ იცი, დირექტორებს აკისრებენ მოვალეობას, რომ აი იქ რაღაც რომ მოხდება, შენ იცი რას გიზამთ? მუქარის ტონით როცა გელაპარაკება სამინისტრო, შენ იძულებული ხდები სამსახური არ დაკარგო და მალო რაღაცეები, რასაც აკეთებ არ გაამჟღავნო, აი ეს არის ცუდი.“  ამას ისიც ემატება, რომ სისტემაში წლების განმავლობაში არსებობდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობის მანკიერი პრაქტიკა და შესაძლოა ზოგიერთისვის მიმზიდველიც კი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების მართვის პროცესში. ყოფილი თანამშრომელი – „რომ ვიკითხე რაშია საჭირო ეს ხალხი, ჩემზე მეტად რომ საქმეს მაყურებელი აკეთებს ეს რაში ჭირდება ვინმეს, ესე მიპასუხეს – საერთო სიმშვიდის და დაწესებულებაში მშვიდი გარემოს შესაქმნელადო.“

ამ დავალებების ფონზე, ციხის ადმინისტრაციას არ აქვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება და არ ფლობს უსაფრთხოების სისტემის მართვის რეალურ ინსტრუმენტებს. სხვადასხვა სახის კვლევების აჩვენებს, რომ დაწესებულების პერსონალი, რეალურად მოქმედებს არა იმ ფუნქციონალური უფლება-მოვალეობებით, რაც რეალურად აქვს ან უნდა ჰქონდეს განსაზღვრული შესაბამისი რეგულაციებით, არამედ უშუალო ხელმძღვანელის მითითებებით. ხოლო ციხის მენეჯმენტი კი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით. ასეთი სახის ვერტიკალური მმართველობის სისტემით, ან ავალებენ ან პირდაპირ უბიძგებენ ადმინისტრაციას ციხის მართვის პროცესში გამოიყენოს ციხის არაფორმალური ჯგუფები.

როდესაც პერსონალი მუშაობს ასეთ სახის პირობებში; როდესაც ხედავს, რომ მასზე მეტი ძალაუფლება სხვა პატიმრებს აქვთ და ამას ადმინისტრაცია უწყობს ხელს; როდესაც ხედავს მისი ნებისმიერი სახის ინიციატივა არა თუ მოწონებული, შესაძლოა დასჯადიც იყოს; როდესაც მათზე ხდება ზოგ შემთხვევაში ძალადობა და ამაზე არ რეაგირებს ადმინისტრაცია; როდესაც არიან მუდმივად სტერის ქვეშ, რაც დამახასიათებელია ისედაც დახული სისტემისთვის; ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა შეძლოს სისტემამ გაუმკლავდეს იქ არსებულ პრობლემებს? განსაკუთრებით კი კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური ჯგუფების გავლენებს? ამიტომაც არის, რომ სისტემიდან თანამშრომლების ძალიან დიდი დენადობაა და ვერ ახერხებენ კვალალიფიური კადრების შენარჩუნებას.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ციხის ადმინისტრაციას და პერსონალს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ სახის პრობლემის გამოაშკარავების შემთხვევაში, რაც გარდაუვლად მოხდება, მთელი პასუხმგებლობა მათ დაიეკისრებათ და პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირველ რიგში მათ შეაწმინდავს ხელებს. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ, როდესაც არჩევანს აკეთებენ თუ რა ნაბიჯი გადადგან.

აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ შემცირდეს არაფორმალური ჯგუფების გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე, მნიშვნელოვანია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

განხორცილდეს სისტემის დეცენტრალიზაცია, დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მართვის პროცესში დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ჩამოყალიბდეს უწყებათაშორის თანამშრომლობის მკაფიოდ განსაზღვრული ჩარჩო, სადაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის პროცესში იქნება მჭიდრო კოორდინაცია სხვადასხვა სახის ძალოვან სტრუქტურებს შორის;

ციხის პერსონალისთვის განისაზღვროს კონკრეტულად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციონალური უფლება-მოვალეობები, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო სცენართან დაკავშირებით მათი მოქმედები ჩარჩოს;

გაუმჯობესდეს ციხის პერსონალის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები; გაიზარდოს მათი შრომითი ანაზღაურება;

ჩამოყალიბდეს ინფრასტრუქტურის მოდიფიცირების მტკიცებულებებზე დაფუნებული გეგმა.

ეს ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ მყარი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რასაც წინ უნდა უძღვოდეს პრობლემის აღიარება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ. ერთადერთი ამოცანა, რაც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე გააჩნია არის, რომ შეიარჩუნონ მოჩვენებითი სიჩუმე, რაც შესაძლოა რაღაც ეტაპამდე მოხერხდეს, თუმცა მუდმივად შეუძლებელია. უბრალოდ, უახლოეს წარსულს გადახედეთ.