USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს მარნეულსა და ბოლნისში სასამართლოს ხელმისაწვდომობის ზრდას და რეგიონული აქტივიზმის გაძლიერებას

2023 წლის 2 ივნისს, ორგანიზაციებმა “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი”, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მიზნად ისახავდა, როგორც მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე მათ ჩართვას მოხალისეებად სასამართლოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.  

ტრენინგის დასაწყისში პროექტის მენეჯერმა, ნატალია ცაგარელმა ისაუბრა სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხის აქტუალობაზე და ხაზი გაუსვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ტრენერებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, რაფიელ კაკაბაძემ და გვანცა ქოქოშვილმა აქტივისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების, სასამართლო ხელმისაწვდომობის კუთხით მოსახლეობის საჭიროებების, აქტივიზმის მნიშვნელობისა და მისი არაძალადობრივი ფორმების, სოციალური მედიის წარმატებით გამოყენებისა და ადვოკატირების მეთოდების შესახებ. 

ტრენინგს მარნეულსა და ბოლნისში მცხოვრები 10 მონაწილე დაესწრო.  ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილე აქტივისტმა, აზიზ მუსაევმა აღნიშნა: “ ჩემთვის, როგორც სამართლის სტუდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრენინგში მონაწილეობა, სადაც მივიღე ინფორმაცია სასამართლო პროცესის შესახებ. მაგალითად, დავინახე, რომ რაიონულ სასამართლოებში ბევრი დარღვევაა, რომელიც დასარეგულირებელია”. 

ოსმან ბაირამოვმა, სამართლის სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, განაცხადა, რომ ტრენინგი მას დაეხმარა გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში, ასევე გაეცნო სასამართლო სისტემის მუშაობის სპეციფიკებს. “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენინგის ორგანიზატორებსა და ტრენერებს, ველოდები სამომავლოდ მსგავსი ხასიათის ტრენინგებს” – ამბობს ოსმან ბაირამოვი. 

აქტივისტმა და სამართლის სკოლის სტუდენტმა, აისელ აივაზოვამ აღნიშნა, რომ ტრენინგი მას დაეხმარა სამართლებრივი პრობლემების გადაჭრის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარის გამომუშავებაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა: “სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგით მიღებულ ცოდნას გავაზიარებ კოლეგებთან და აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებ პროექტებსა და პროფესიულ საქმიანობაში”. ტრენინგის ბოლოს აისელმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და ტრენერებს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის. 

ტრენინგის მონაწილეები მოხალისეობრივად ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში, რომლებიც მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობასთან გაიმართება და  პროექტის გუნდთან ერთად მოქალაქეებს მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ, ასევე გააცნობენ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს გაუადვილებს სასამართლოში მიმართვას. სასამართლოს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობის მიღების სურვილი 15-მა განმცხადებელმა გამოთქვა.