საჯარო დისკუსია

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) ინციატივით, დღეს საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა საპროცესო წარმომადგენლობა,  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარმომადგენლების მიერ. შეხვედრას თავად სოციალური მუშაკები, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი  და  პროკურატურის  წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მომხსენებლები  იყვნენ RIVG-ის  წარმომადგენლები – ტატო ქელბაქიანი და  ნატალია ცაგარელი.

გამოწვევები, რომელთა გადაჭრის გზებზეც  დღეს ისაუბრეს სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებებთან დაკავშირებით RIVG-ის მიერ ჩატარებული კვლევითაც დასტურდება. აღნიშნული კვლევა ჩატარდა „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

დისკუსიის  მონაწილეებმა იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ისაუბრეს ისეთ პრობლემებზე როგორიც არის სოციალური მუშაკების გადატვირთულობა, სავალდებულო სპეციალიზაციის შესახებ საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა, იყო საუბარი იმაზე, რომ  სოციალური მუშაკები ფაქტობრივად მოუმზადებლები შეხვდნენ საპროცესო წარმომადგენლობის ფუნქციას.  მათ არ გაუვლიათ არანაირი გადამზადება. გარდა ამისა, გადატვირთულობამ და დაურეგულირებელმა პროცესმა შექმნა რისკები, რომ ჩამოყალიბდეს საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი და ზოგ შემთხვევაში მანკიერი პრაქტიკა, რისი ნიშნებიც აშკარად შეიმჩნევა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ პრობლემებზე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, თუმცა მათი მოგვარება ჯერაც არ მომხდარა.

„ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები სოციალური სამსახურის განვითარების კუთხით. საჭიროა როგორც საკანონმდებლო ცვლილებების და შესაბამისი რეგულაციების შემუშავება, ამავდროულად საჭიროა სახელმწიფომ გამოყოს მნიშვნელოვანი რესურსების სოციალური მომსახურეობის სააგენტოს განვითარებისვის, როგორც ადამიანური, ასევე სხვა რესურსების ზრდის კუთხით,  რაც სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის საჭირო“. – შეხვედრის ბოლოს განაცხადა ტატო ქელბაქიანმა