ორგანიზაციები პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), კვლავ აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. შეხვედრები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
რიგით მეშვიდე საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან 10 დეკემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში (დალარი) ჩატარდა.
ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოძებნონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, და ვის უნდა მიმართონ უფასო იურიდიული დახმარებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ მუშევანში 2022 წელს ოქროს მოპოვების სამუშაოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის შემდგომ, გახშირდა აქციის მონაწილეების დაბარება სუს-სა და ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში.
სოფლის მოსახლეობამ ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს ჰაერის დაბინძურების დონის შემოწმების თხოვნით, თუმცა, ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მუშევანის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია, ოქროს მომპოვებელი სამუშაობის გამო, გარემოს დაბინძურების დონის დადგენა, რათა შესაბამისად მოიქცნენ, კერძოდ, შეიტანონ სასამართლოში სარჩელი. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვას ენის ბარიერი და იურიდიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც ართულებს.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გაეგოთ მეტი სასამართლოსთან დაკავშირებულ კითხვებზე.
პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ასეთი შეხვედრა იგეგმება.