USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციების, პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. რიგით მეორე შეხვედრა 22 ივლისს ბოლნისში ჩატარდა, რომელსაც 17 მოქალაქე დაესწრო.
პროექტის სამართლებრივმა ექსპერტებმა და მოხალისეებმა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს გააცნეს, სად შეუძლიათ მოიძიონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, რა უფლებები აქვთ სასამართლოში როგორც მხარეს და საჭიროების შემთხვევაში, სად შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. პროექტის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია სასამართლოსადმი მიმართვისას მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოს ხელმისაწვდომობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა დაასახელეს, რომელთა შორის არის ენის ბარიერი, თარჯიმნის პრობლემა, რის გამოც ვერ ახერხებენ სასამართლოსადმი მიმართვას. გარდა ამისა, მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც იურიდიული დახმარების სამსახურში ვერ იღებენ შესაბამის სერვისს, ამასთან აღნიშნული სამსახურის ოფისი არ ფუნქციონირებს ბოლნისში.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამარათლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
პროექტის ფარგლებში კიდევ 6 საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც, შეხვედრის შესახებ წინასწარ ეცნობება ადგილობრივ მოსახლეობას პრევენცია პროგრესისათვის და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის Facebook გვერდის მეშვეობით.