საინფორმაციო შეხვედრა სადახლოს თემთან სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით

ორგანიზაციები პრევენცია პროგრესისთვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC), კვლავ აგრძელებენ საინფორმაციო შეხვედრებს ბოლნისისა და მარნეულის  მოსახლეობასთან სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. შეხვედრები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება. 

პროექტის „სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში მოსახლეობასთან რიგით მეოთხე შეხვედრა 13 სექტემბერს, 16:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში სადახლოს თემში, კერძოდ, სოფელ ხულდარაში ახალი აზროვნების ინსტიტუტში ჩატარდა. პროექტის გუნდმა თემის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ტიპის უფლებები აქვთ სასამართლოში, სად შეუძლიათ მოძებნონ სარჩელის მზა ფორმები სასამართლოში მიმართვისას, რა უფლებები აქვთ სასამართლოში, როგორც მხარეს და საჭიროებისას, სად შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება. 

შეხვედრის მონაწილეებმა სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებაც ისაუბრეს, კერძოდ, გამოიკვეთა არაკვალიფიციური თარჯიმნის პრობლემა, სასამართლო პროცესების ხშირი გადადების შემთხვევები. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ სასამართლოსადმი ნდობა, ისინი არ არიან ინფორმირებულნი სასამართლო პროცესების შესახებ და არ იციან რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასამართლოში დავის წაგებას. 

როგორც შეხვედრისას გამოიკვეთა, ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების შემთხვევაში, რომლებიც შიშობენ, რომ თუ სასამართლოს მიმართავენ დაკარგავენ შვილებს და ოჯახს. მათ არ იციან სახელმწიფო სერვისების, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ. 

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ სასამართლოსთან დაკავშირებით არსებული კითხვები. 

პროექტის ფარგლებში კიდევ 4 ასეთი შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც.