ორგანიზაციის განცხადება კრიმინალური სუბკულტურის გავლენის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებებში და სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით

ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას კრიმინალური სუბკულტურის გავლენის თაობაზე პენიტენციურ დაწესებულებებში და სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით. RIVG-ი 2013 წლიდან მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. ამ მიზნით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა, რომელიც ეხება პენიტენციური სისტემის რეფორმის სხვადასხვა მიმართულებას.

2020 წელს ორგანიზაციამ, „ღია საზოგადოების ფონდისა“ და „ევროკავშირის“ მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად (PRI) განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შეფასება პენიტენციური დაწესებულების მართვაზე. კვლევის რესპონდენტთა უმრავლესობამ დაადასტურა ის ფაქტები, რის თაობაზეც განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, განსაკუთრებით დიდი ზომის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არის საკმაოდ მძლავრი და გავლენას ახდენს დაწესებულების ფუნქციონირების თითქმის ყველა სფეროზე.

სამწუხაროდ, როგორც კვლევის განხორციელების პროცესში, ისე კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო არ თანამშრომლობს ორგანიზაციასთან. მათი წარმომადგენლები არ დაესწრნენ არც კვლევის პრეზენტაციას. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, რომ უწყებასთან ინდივიდუალურად განგვეხილა კვლევის ძირითადი მიგნებები, სამინისტროს პასუხი არ მოუწერია. მეტიც, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც გადაჭრით უარყო პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის არსებობა. ეს ფაქტი, პირდაპირ მიუთითებს, რომ იუსტიციის სამინისტრო არ არის დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით.

გარდა ამისა, შეშფოთებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველისა და მასთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც მიზნად ისახავს აღნიშნული სამსახურის დისკრედიტაციას, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ერთადერთი შესაძლებლობის შეზღუდვას და მის მიმართ ნდობის შემცირებას. სახალხო დამცველის სამსახურთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობა რეგულირდება „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავის მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფაკულტატურული ოქმით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ისჯება ადგილობრივი კანონმდებლობით  (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით). აქედან გამომდინარე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.