29 აგვისტოს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაციების “პრევენცია პროგრესისთვის” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი” ინიციატივით, გაიმართა მარნეულის მაცხოვრებელთა შეხვედრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძესთან. შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა და სასამართლოს შესახებ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის დასაწყისში მადონა მაისურაძემ ისაუბრა სასამართლოს განსჯადობასა და საქმის განხილვის ეტაპებზე, თარჯიმნის მონაწილეობასა და ენობრივ ბარიერზე. მან ხაზი გაუსვა პროფესიონალი თარჯიმნების ნაკლებობას და აღნიშნა, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია, რათა მოსარჩელეს სრულყოფილად ესმოდეს პროცესიის მიმდინარეობა მისთვის გასაგებ ენაზე.
შეხვედრას 30-მდე მოქალაქე დაესწრო, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლოსთან დაკავშირებულ კითხვებზე უშუალოდ მოსამართლისგან მიეღოთ პასუხები. ახალგაზრდების მხრიდან დიდი იყო ინტერესი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის და მისი მნიშვნელობის მიმართ, ამასთან დამსწრეთა ნაწილი დაინტერესდა, თუ როგორ იყო შესაძლებელი სასამართლო პროცესზე თარჯიმნად ჩართვა.
ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც დევნილთა თემთან მუშაობს, აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, რადგან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა სასამართლოსთან ურთიერთობის თაობაზე. აუდიტორიამ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისა და შეძენილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარების დიდი სურვილი და მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის ბოლოს მოსამართლემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას, რომ იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი და სხვების ინტერესების დასაცავად.
აღნიშნული შეხვედრა გაშუქდა ადგილობრივ ონლაინ მედიასა და ტელევიზიაში, კერძოდ, Interpress.ge-ის და 24news.ge-ს მიერ.
პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ნაშირ ორდუხანოვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: “ჩვენს საზოგადოებაში სასამართლოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს მსგავს საკითხებზე ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობა. ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობდნენ, მათ ბევრი კითხვა დასვეს სასამართლო პროცესებსა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე”.
პროექტის ფარგლებში, სასამართლო სისტემის კიდევ ერთი წარმომადგენლის შეხვედრა შედგება ბოლნისის მოსახლეობასთან, ღონისძიების დეტალები პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება.