რამდენად უღირთ ბავშვებს ენდონ მართლმსაჯულების სისტემას, მარიკა ნათაძე

ერთია, ფლობდე გარკვეულ ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე და მეორეა, გრძნობდე და განიცდიდე მის არსსა და მნიშვნელობას. როდესაც პრობლემა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მას არ ჰქვია კონკრეტული სახელი, ჩვენი ცნობიერების მიღმა რჩება, არ არის აღქმული და განცდილი მიმდინარე რეალობაში, სცდება ჩვენი მხედველობის პრიზმას. მაგრამ როდესაც ისტორიას კონკრეტული სახელი დაერქმევა, ის თითქოს ცოცხლდება, სულიერდება, არსს იძენს. ზუსტად ასეთი იყო ლუკა სირაძის ამბავი, როდესაც ტრაგიკული ისტორიის მოკლე ეპიზოდმა დიდი პრობლემა გააცოცხლა და ნათელი მოჰფინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

ლუკა სირაძის ისტორიის მიღმა უამრავი ამბავია მოსაყოლი, არა მხოლოდ არასრულწლოვანი ბრალდებულების, არამედ მოწმე და დაზარალებული ბავშვებისაც, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის გარდა, მანკიერი მართლმსაჯულების მსხვერპლებადაც იქცნენ. ჩვენმა ორგანიზაციამ (RIVG), ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა მოწმე და დაზარალებული არასრულწლოვნების გამოკითხვა/დაკითხვის პროცესში ფსიქოლოგის როლის შესახებ და მათ წინაშე მდგარი არაერთი პრობლემა გამოავლინა.

9 წლის მარიამი, 12 წლის თამარი, 8 წლის დავითი (სახელები შეცვლილია და პირების იდენტიფიკაციას გამორიცხავს) ის ბავშვები არიან, რომელთაც მიუხედავად მათ მიმართ განხორციელებული სექსუალური, ოჯახური თუ სხვა სახის ძალადობისა და გარყვნილი ქმედებისა, მიუხედავად „მოძალადის“ მხრიდან დარწმუნებისა და მუქარისა რომ არ დაუჯერებდნენ, ზურგს შეაქცევდნენ, „დაიჭერდნენ“, გაბედეს ის, რასაც უამრავი სრულწლოვანი ვერ ახერხებს, რისიც ზრდასრულებსაც გვეშინია. მათ დაძლიეს შიში, გაამჟღავნეს მომხდარი ძალადობის ფაქტები, ენდნენ სამართალდამცავ ორგანოებს იმ იმედით, რომ მათ დაიცავდნენ, ენით აღუწერელ ტკივილს შეუმსუბუქებდნენ, დამნაშავეს კი გამოავლენდნენ და დასჯიდნენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შედეგი მათი მოლოდინისგან სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარდა.

იწყება ხანგრძლივი, დამღლელი პროცედურა … პოლიციის შენობა … საერთო სივრცე … უამრავი ადამიანის ინტერესით აღსავსე თვალები, სიბრალულის გამომხატველი ემოციები, უადგილო იუმორი, მკაცრი ტონი, გაუგებარი და უჩვეულო სიტყვები, ეჭვები და დადანაშაულება. პოლიციელების, ადვოკატების, კანონიერი წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, თარჯიმნების და სხვა ძირითადი თუ დამხმარე პერსონალის თანდასწრებით. გამომძიებელი: “შენ თვითონ გაიხადე?”  “ასო მოგადო?” “რატომ არავის უთხარი?” “რატომ არ გამოიძახე პოლიცია?” “რატომ არ გაიქეცი, რატომ არ გაუწიე წინააღმდეგობა?” და სხვა მრავალი კითხვა თუ კომენტარი.

ხშირად მდუმარე ბავშვის მიღმა ათასი ფიქრი, შიში და განცდა იმალება. შიში იმისა, რომ არ დაუჯერებენ, „დასჯიან“; ფიქრი იმისა, რომ მის მიმართ ჩადენილ დანაშაულში თვითონ მიუძღვის ბრალი, თავად არის დამნაშავე; განცდა სირცხვილის, მოძალადის მიმართ სიყვარულისა და ერთგულების (ხშირად მოძალადე ოჯახის წევრია) და სხვა. ამ დროს კი სამართალდამცავი ორგანოების პირისპირ ყოფნისას ეჭვი შეაქვთ მის ნათქვამში, ადანაშაულებენ, შეუფერებელ პირობებს უქმნიან იმისთვის, რომ მოყვნენ ტრავმული  ისტორია, როგორ გააუპატიურეს, აწამეს თუ ფიზიკურად გაუსწორდნენ მას ან მის ახლობელ ადამიანებს. ბავშვები ხელახლა ხდებიან მსხვერპლნი, ჯერ კიდევ გადაუმუშავებელ ტრავმას ახალი სტრესული გამოცდილება ემატება, რომელიც მათ თავს გადამხდარი ამბის თხრობას უკავშირდება. იდეალურ სინამდვილეში კი უცხო ადამიანის თანდასწრებით მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამჟღავნება, თვითდადანაშაულებისა და სირცხვილის განცდის დაძლევა, განსაკუთრებულ გარემოს, შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე ადამინების ჩართულობას მოითხოვს.

რა ცოდნითა და უნარით უნდა ხვდებოდეს არასრულწლვანს მეორე მხარე? გამომკითხველს უნდა შეეძლოს, ერთი მხრივ, არასრულწლოვნის განვითარების ფსიქოლოგიის, კოგნიტური უნარების, ასაკობრივი თავისებურებების, არსებული კონტექსტის ცოდნა და, მეორე მხრივ, მას უნდა გააჩნდეს თანაგრძნობის, ბავშვის თვითშეფასების ამაღლების უნარი, რათა საბოლოოდ შეძლოს და დაცულ გარემოში ბავშვმა გაბედოს და მოყვეს.

ხშირად როდესაც ბავშვმა გაბედა და მოყვა, გამოკითხვა იმდენად შეუსაბამო აღმოჩნდა, რომ შემდეგ დიდხანს საერთოდ ვეღარ საუბრობდა. გაბედა და მოყვა, თუმცა შედეგად მისი უდანაშაულო ოჯახის წევრი დააკავეს!  გაბედა და მოყვა …შემდეგ კი სუიციდი სცადა! ….

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ ვერ იმუშავა როგორც ლუკა სირაძის შემთხვევაში, ისე დაზარალებულ და მოწმე სხვა ბავშვებთან მიმართებაშიც. თუმცა ბევრი პრობლემა გააშიშვლა, რაზეც ჩვენც უნდა გავბედოთ და მოვყვეთ.

მარიამ ნათაძე