კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განცხადება ბანაკზე თავდასხმის ფაქტზე

პოლიტიკური ძალების მიერ მათ მხარდამჭერთა, წევრთა თუ სხვაგვარად მათთან აფილირებულ პირთა ხელით სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე, მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე თავდასხმა უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვეულ მოვლენად იქცა.


დღეს, 17 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნიდან ორი კვირის ვადაში, პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულმა პირებმა მორიგჯერ ჩაიდინეს ძალადობის აქტი – მათი სამიზნე არა მხოლოდ ზრდასრულები გახდნენ (რაც თავისთავად წარმოადგენს არა შემაშფოთებელ ან აღმაშფოთებელ საქციელს, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს), არამედ გახდნენ ბავშვებიც. საბავშვო ბანაკში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას დაერთო ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის აქტებიც. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს ისტორიის, ღირებულებებისა და ტრადიციის დაცვის მოტივით, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული მოძალადეები ჩირქს ცხებენ საქართველოს წარსულს, მის ფასეულობებს და ცდილობენ, გაანადგურონ მისი მომავალი – ამჯერად, საქართველოს მოქალაქე ბავშვებზე ზეწოლის, მუქარის, ძალადობის აქტებისა და საკუთარი გენიტალიების დემონსტრირებით.


ამ ეტაპზე, სრულიად ზედმეტად მიგვაჩნია ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის, ბავშვთა დაცვაზე ორიენტირებული სხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური აქტების გახსენება; ზედმეტად მიგვაჩნია საუბარი კონსტიტუციაზე, რომელიც საუბრობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე; ბავშვის უფლებათა თუ სისხლის სამართლის კოდექსზე –
რომლებიც ადგენენ დაცვის მაღალ სტანდარტს და დამდგარი შემთხვევების გამოძიების ვალდებულებას. საკანონმდებლო აქტები არ უნდა დარჩეს ფარატინა ფურცლად, რომლის შემუშავებასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირები, რატომღაც, თვალს ხუჭავენ ისეთ ქმედებებზე, რომლებიც აუფასურებს საქართველოს ყველა კანონს, ღირებულებას თუ მორალურ პრინციპს. კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ამგვარი ქმედებების გამოვლენას და კატეგორიულად მოითხოვს კომპეტენციის მქონე უწყებებისგან მოხდეს სასწრაფო რეაგირება. ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ყველა პირის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს ობიექტურად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამ დრომდე ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, სახეზე იყო არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური
და სექსუალური ძალადობა.


თუ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ სურთ მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთა, მათ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინონ ამ და მსგავს ფაქტებზე.