ავტორი: ნატალია ცაგარელი
რთული და ძალადობრივი ქცევა არასრულწლოვანებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ის შესაძლოა სხვადასხვა სივრცესა და ქმედებაში გამოვლინდეს და თავი იჩინოს, როგორც პუბერტატულ ასაკში, ისე ბავშვის განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე. საქართველოს კანონმდებლობით, რთული ქცევა განმარტებულია, როგორც ქცევა, რომელიც შესაძლოა ემუქრებოდეს არასრულწლოვანის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, მის ჰარმონიულ და სოციალურ განვითარებას, სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან/და მართლწესრიგს. ძალადობრივ/რთულ ქცევასთან გამკლავება და მისი პრევენცია სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს.
არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ დროული და სწორი ინტერვენციით, არა მხოლოდ რთული და ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვის წარმატებული რეინტეგრაციაა შესაძლებელი, არამედ მთელ რიგ შემთხვევებში მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკითა და რისკ ფაქტორებზე შესაბამისი რეაგირებით, შესაძლოა სრულად მოხდეს ამგვარი ქცევის პრევენცია. ცხადია პრევენციის პოლიტიკის განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელება არ არის ერთი კონკრეტული უწყების ფუნქცია და მოიაზრებს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (საგანმანათლებლო დაწესებულებების), ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო), შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობას.
რთული ქცევის მქონე ბავშვის რეფერირების ეტაპები გულისხმობს ძალადობრივი/რთული ქცევის არასრულწლოვანის იდენტიფიცირებას, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას, შესაბამის სერვისებსა და პროგრამებში ჩართვა-გადამისამართებას, ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფას, სერვისებში მონაწილეობის მონიტორინგსა და ზედამხედველობას, სერვისების დასრულების შემდგომ მონიტორინგს, უკიდურეს შემთხვევაში კი რეფერირების დაწესებულებაში გადაგზავნას. რეფერირების პროცესის ყველა ეტაპი უმნიშვნელოვანესია და ეფუძნება რეფერირების პროცესში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობა-კოორდინაციას ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ყველა სახელმწიფოში უნდა არსებობდეს კარგად გაწერილი პასუხისმგებლობები კომპეტენტური სააგენტოების, დაწესებულებებისა და პერსონალისთვის, მოგვარებული უნდა იყოს პრევენციული საქმიანობის კოორდინაციის საკითხები, გაიწეროს პრევენციის ერთიანი პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები, რაც მეტ-ნაკლებად ნათელს ჰფენს თითოეული უწყების როლსა და პასუხისმგებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ოჯახებს, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოჯახის, თემის, სკოლისა და მედიის ჩართულობა.
მართალია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ არასრულწლოვანთა რეფერირების წესი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, როდესაც შესაძლებელია ბავშვი გადამისამართდეს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, თუმცა ინსტრუქციების დონეზე დეტალურად არ არის გაწერილი გადამისამართებისას ინფორმაციის გაცვლის წესი, მოცულობა და პროცედურა, რეფერირების განმახორციელებელი უწყებისთვის უკუკავშირის მიცემის ვადები და აუცილებლობა.
2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ ჩაატარა კვლევა რთული და ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვების რეინტეგრაციის შესახებ და სხვა ფაქტორებთან ერთად, შეაფასა უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხი. სხვადასხვა უწყების რესპონდენტებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა. რომ თითოეულ მათგანს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს რეფერირების სისტემაში ჩართული სხვა უწყების როლისა და ფუნქციების შესახებ, ამასთან არსებობს უკმაყოფილება კოლეგების ჩართულობის დროულობასთან, პროფესიონალიზმთან, პარტნიორობის გზებთან დაკავშირებით, რაც რიგ შემთხვევებში ურთიერთბრალდებებისა და შეუთანხმებლობის საფუძველი ხდება. საბოლოო ჯამში კი ზარალდება ბავშვი, რომელიც წესით ამ პროცესის ცენტრალურ ფიგურად უნდა იქნას განხილული და ყველა უწყების მთავარ ამოცანას, სწორედ მისი საუკეთესო ინტერესის დაცვა უნდა წარმოადგენდეს.
გამოწვევები რთული ქცევის იდენტიფიცირების ეტაპზევე იწყება. არსებული რეგულაციებით რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის კოორდინაცია რეფერირების ცენტრის ფუნქციას წარმოადგენს, თუმცა ამ ტიპის ქცევის იდენტიფიცირება რეფერირების პროცედურებში ჩართული ყველა უწყების მოვალეობაა. არსებულ რეალობაში განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ოჯახში მცხოვრები ბავშვის შემთხვევაში რთული ქცევის გამოვლენა. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს ოჯახურ ძალადობას, ან სააგენტოში შედის კონკრეტული შეტყობინება, ზრუნვის სააგენტო ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვებს ვერ აიდენტიფიცირებს. თავის მხრივ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალურ მუშაკებს „სოციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, აკისრიათ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების იდენტიფიცირების, შეფასებისა და პასუხისმგებელი დაწესებულებების ინფორმირების ვალდებულება, შესაბამისად მათგანვე არსებობს ამ ტიპის ბავშვებთან პირველადი კომუნიკაციის მოლოდინი. მუნიციპალიტეტებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გაწიონ სოციალური სამუშაოც. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, ბავშვის დაცვასა და მხარდაჭერას, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა მუნიციპალიტეტები ძალადობრივი და რთული ქცევის იდენტიფიცირების პირველად მექანიზმად ყოფნას თავს ვერ ართმევენ და ოჯახში ბავშვის რთული/ძალადობრივი ქცევა ყურადღების მიღმა რჩება. შესაბამისად გვიანდება დროული ინტერვენცია და კიდევ უფრო მძიმდება ბავშვის მდგომარეობა.
რთული ქცევის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების კუთხით გამოწვევები არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების კუთხითაც. ხშირად სკოლებს არ აქვთ რთულ ქცევასთან გამკლავების ინდივიდუალური სტრატეგია და ნებისმიერ უმნიშვნელო შემთხვევაში დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართავენ, რომელიც თავის მხრივ არ არის ინფორმირებული სად მთავრდება საგანმანათლებლო დაწესებულების ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულების როლი, სად იწყება მისი ფუნქცია და რა უნდა მოიმოქმედოს კონკრეტულ შემთხვევაში. როგორც კვლევის პროცესში გაირკვა, არ არსებობს სხვადასხვა უწყებების ფარგლებში მოქმედი სერვისების ერთიანი რეესტრიც, რაც უწყებებს მეტ-ნაკლებად შეუქმნიდა წარმოდგენას სახელმწიფოს როგორც სერვისის მიმწოდებლის შესაძლებლობების შესახებ.
ასევე არ არსებობს სერვისებისა და შეფასების უწყვეტობისა და განგრძობადობის მექანიზმი, რაც ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ბავშვის განმეორებით შეფასებას, ოჯახში სხვადასხვა უწყების სოციალური მუშაკის მრავალჯერად ვიზიტს, შეთავაზებული სერვისების დუბლირებას. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვისა და მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე და დემოტივაციაზე, ადამიანური რესურსის სიმწირის პირობებში, ერთი და იმავე საქმის განმეორებით კეთება წმინდა პრაგმატული კუთხითაც არარაციონალურია. არსებული პრაქტიკა იწვევს სპეციალისტების გადაღლას და ქმნის განცდას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მოქმედებენ იზოლირებულად, შეუთანხმებლად, არ აქვთ სისტემური მიდგომა, რაც გარდა ზემოთ მითითებული ნაკლოვანებებისა განაპირობებს ბავშვის რეინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის – დროის დაკარგვას და მთავარი მიზნის- ბავშვის რეინტეგრაციის პროცესის შეფერხებას.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ქმნის სურათს, როდესაც ბავშვი არ აღიქმება მულტიუწყებრივი საქმიანობის ცენტრად, მინიმუმამდე არ არის დაყვანილი მისი რეტრავმატიზების, ოჯახის შეფასებისას ოჯახურ ცხოვრებაში მინიმალური ინტერვენციისა და დისკომფორტის გამოწვევის რისკი, სხვადასხვა უწყების სოციალური მუშაკები ჩართულნი არიან გაუთავებელ ვიზიტებსა და შეფასებებში. არ არსებობს ინდივიდუალური რეინტეგრაციის გეგმის თანმიმდევრული ხედვა და უწყვეტობა, რაც შესაძლებელს გახდიდა ბავშვი მიყვეს მისთვის გაწერილ რეაბილიტაციის სერვისებს და მიიღოს ყველა ის მომსახურება, რაც მისი ქცევის კორექციისა და შემდგომი პრევენციისთვის არის საჭირო, პირიქით, მას ხშირად არაერთხელ უწევს მსგავს სერვისებში ჩართვა, ერთი და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა, ანალოგიური პროცესებში მონაწილეობა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მის დემოტივირებას, სპეციალისტთა მიმართ ნდობის დაკარგვას და გაწერილი გეგმის მიმართ პროტესტს.