ავტორი: ეკატერინე მაჭავარიანი
არასრულწლოვანთა დანაშაული რთული ფენომენია, მას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს. შესაბამისად, არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საჭიროებს კომპლექსურ და კოორდინირებულ მოქმედებას სახელმწიფო უწყებებს შორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან.
საგანმანათლებლო/სოციალური დაცვის და მართლმსაჯულების განმახორციელებელი უწყებების პასუხისმგებლობის და ამ პროცესში კოორდინირებული საქმიანობის გარდა, დანაშაულის პრევენციის პროცესში მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან მათი გავლენა არასრულწლოვანთა განვითარებასა და ქცევაზე დიდია. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება მოზარდებში, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, ნარკოტიკის/ალკოჰოლის მოხმარებასთან და სხვა სახის რთულ და დანაშაულებრივი ქცევებთან დაკავშირებით.
მოზარდის განვითარებასა და ქცევაზე სხვადასხვა გარემოების ერთობლიობა ახდენს გავლენას, მათ შორის, ინდივიდუალური ფაქტორები, მშობლები, საზოგადოება, გარემო და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, პრევენციული ღონისძიებები მიმართული იყოს, როგორც თავად არასრულწლოვანზე, ისე მის სოციალურ გარემოზე. ასევე უნდა გაესვას ხაზი, რომ მოზარდების დიდი ნაწილისათვის რთული ქცევა დროებითი ფენომენია და სოციალური ნორმებიდან გადახვევა უფრო ხშირად არასრულწლოვანის ზრდისა და განვითარების პროცესის ნაწილია. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ტენდენცია ქრება ზრდასრულობის მიღწევისთანავე.
საერთაშორისო სტანდარტები ხაზს უსვამს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ეს პრინციპები, ასახულია როგორც გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობაშიც. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებების ინტერპრეტაცია და განმარტება. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, პრევენცია და ადრეული ინტერვენციის პროგრამები ორიენტირებული უნდა იყოს ოჯახების მხარდაჭერაზე, კერძოდ, დაუცველი და ძალადობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერაზე. კომიტეტი განმარტავს, რომ აუცილებელია რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდაჭერა, რომლებიც ან არ დადიან ან გამორიცხულნი არიან სკოლიდან და არ ამთავრებენ საგანმანათლებლო დაწესებულებას. მონაწილე სახელმწიფოებმა ასევ უნდა შეიმუშაონ საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისები და პროგრამები, რომლებიც ხელმისაწვდომს ხდის შესაბამის კონსულტაციებს, კონკრეტულ მოთხოვნებს, პრობლემებს, გამოწვევებს და ბავშვების ინტერესებს.
გარდა ამისა, გაეროს სახელმძღვანელო წესები დანაშაულის პრევენციის („რიადის წესები“) შესახებ ადგენს იმ პრინციპებს, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკა. მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმები უნდა მოიცავდეს: პრობლემის სიღრმისეულ ანალიზსა და ხელმისაწვდომი პროგრამების, სამსახურების, საშუალებებისა და რესურსების ჩამონათვალს; კარგად გაწერილ პასუხისმგებლობებს კომპეტენტური სააგენტოების, დაწესებულებებისა და პერსონალისათვის, რომლებიც ჩაბმულნი არიან პრევენციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში; სამთავრობო და არასამთავრობო სააგენტოებს შორის პრევენციული საქმიანობის/მექანიზმების კოორდინაციის საკითხებს; პოლიტიკას, პროგრამებსა და სტრატეგიებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება პროგნოზულ კვლევაზე და მუდმივად მოხდება მათი მონიტორინგი და ჯეროვანი შეფასება განხორციელების პროცესში.
პრევენციული მექანიზმების ნაწილში, განსაკუთრებული აქცენტს საერთაშორისო სტანდარტები აკეთებს, განათლების სისტემის როლზე. განათლების სისტემამ აქცენტი უნდა გააკეთოს შემდეგ საკითხებზე: შეიმუშაოს და დანერგოს სპეციალური პრევენციული პროგრამები და მეთოდები; შეიმუშავოს სტრატეგიები ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების პრევენციისთვის; სკოლა უნდა მოქმედებდეს, როგორც რესურსების და რეფერირების ცენტრი სამედიცინო, საკონსულტაციო და სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების, ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლებისთვის; განსაკუთრებული დახმარება უნდა გაეწიოთ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ გაკვეთილებზე დასწრება და ხშირად აცდენენ სკოლას; უნდა ჩამოყალიბდეს გამართული დისციპლინური საქმისწარმოების სისტემა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ბავშვების მონაწილეობა.
ეს არ წარმოადგენს უნივერსალურ მიდგომას, თუმცა გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, არასრულწლოვანებში დანაშაულის პრევენცია იყოფა სამ დონედ – პირველი (ადრეული), მეორე და მესამე დონის პრევენციად.
პირველი (ადრეული) დონის პრევენცია ორიენტირებული უნდა იყოს ყველა არასრულწლოვანზე. აქცენტი კეთდება ბავშვის სწორ აღზრდასა და სოციალიზაციაზე, განათლებაზე, თავისუფალი დროის სწორად და პროდუქტიულად განაწილებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე, ახალგაზრდებს შორის სწორი ღირებულებების ხედვის ჩამოყალიბებაზე. ადრეული პრევენცია, ფაქტობრივად დაკავშირებულია ბავშვთა კეთილდღეობის სისტემასთან, სახელმწიფოს ერთიან პოლიტიკასთან ამ მიმართულებით. მეორე დონის პრევენცია აქცენტს აკეთებს დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანებისადმი და მიზნად ისახავს დანაშაულის გამომწვევი ფაქტორების შემცირებას.
მეორე დონის პრევენციის განსაკუთრებული მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როდესაც პირველი დონის პრევენციის ფარგლებში მიღებული ზომები არ არის საკმარისი არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ამ ნაწილში, მნიშვნელოვანია რომ სწორად მოხდეს იმ ჯგუფის განსაზღვრა, რომლებთან დაკავშირებითაც აუცილებელია სპეციალური მიდგომების შემუშავება. როგორც წესი, ამ ჯგუფს განეკუთვნებიან – მზრუნველობამოკლებული, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სასწავლო პროცესის გარეთ მყოფი, დამოკიდებულები მქონე და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები. თუმცა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი.
მესამე დონის პრევენცია ორიენტირებულია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობის გზით განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებაზე. სტრატეგიის ეს ნაწილი მიზნად ისახავს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემცირებას არასრულწლოვანებში. შესაბამისად, მესამე დონის პრევენციის მიზნობრივი ჯგუფია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები. შესაბამისად, ამ ნაწილში მნიშვნელოვანი როლი აქვს, როგორც საპატიმრო, ასევე არასაპატიმრო სასჯელის აღმასრულებელი უწყებების საქმიანობას.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს კვლევასა და ანალიზს, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკას, დანაშაულისა და დელინქვენტური ქცევის გამომწვევი ფაქტორების შესწავლას და არსებული პროგრამების შედეგების შეფასებას. მნიშვნელოვანია მათი სწორად დაგეგმვა, მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, მოდიფიცირება. შესაბამისად, პრევენციული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს პროგრამების შეფასებას, არსებული სერვისების, რესურსების ანალიზსა და სწორად დაგეგმვას.
2022-2024 წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ზრდაა არასრულწლოვანებში, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენების, ასევე განრიდების, საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების მიმართულებით. მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა არის ამის მიზეზი, უკავშირდება ეს პრევენციურ პოლიტიკას, სერვისების დეფიციტს, სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღნიშნული ფაქტორების კომბინაციას, თუ არის სხვა მიზეზებიც.
ამ ეტაპზე მწვავედ დგას რთული/დანაშაულებრივი ქცევის მქონე ბავშვებთან შემხებლობაში მყოფი უწყებების ურთიერთთანამაშრომლობის საკითხი. არ არსებობს უწყებების სერვისების ერთიანი ბაზა (რიადის წესების თანახმად, მნიშვნელოვანია არსებობდეს როგორც არსებული რესურსების ერთიანი ჩამონათვალი და გაწერილი იყოს პასუხისმგებლობები პრევენციაში ჩართული უწყებებისთვის), ასევე დეტალურად არ არის გაწერილი უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და უკუკავშირის მიღების მექანიზმი და კონკრეტულ საქმეზე სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა კომპეტენციები. ასევე არ გვაქვს სახელმწიფო უწყებების ერთინი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით. შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ერთიანი პოლიტიკის გარეშე, შეუძლებელია არასრულწლოვანებში დანაშაულის შემცირება.