ავტორი: ნატალია ცაგარელი
საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემა მოიაზრებს როგორც მოზარდების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ისე ბავშვის საჭიროებაზე მორგებული სერვისების დანერგვას ახალი დანაშაულისა და ძალადობრივი ქცევის პრევენციისთვის. ადრეული პრევენცია (პირველი დონის პრევენცია) გულისხმობს სერვისების ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემის ფარგლებში, მეორე (რისკ ჯგუფებთან მუშაობა) და მესამე დონის (განმეორებით დანაშაულის პრევენცია) პრევენცია კი აქცენტს აკეთებს სერვისებზე, რომელთაც უნდა უზრუნველყონ რთული/დანაშაულებრივი ქცევის თავიდან არიდება.
საქართველოში ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. მდგომარეობა მცირედ განსხვავებულია ბავშვთა კეთილდღეობისა და მართლმსაჯულების სფეროებში. ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ მოზარდების ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროცესის კვლევის ფარგლებში, შეაგროვა ინფორმაცია სხვადასხვა უწყების ქვეშ ძალადობრივი ქცევის მქონე არასრულწლოვნებისთვის არსებული სერვისების თაობაზე.
კვლევამ ცხადყო, რომ ზრუნვის სააგენტო როგორც წესი ახორციელებს ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქცევის მქონე ბავშვების კონსულტირებასა და სერვისებში ჩართვას, თუმცა თუ ბავშვისთვის ხელმისაწვდომია კერძო სერვისი და სახელმწიფო მხარდაჭერას არ საჭიროებს, სააგენტო შესაძლოა მხოლოდ კონსულტირებით შემოიფარგლოს. სერვისების არსებული სპექტრი ხელმისაწვდომია, როგორც ოჯახში იდენტიფიცირებული ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვების, ისე სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, რაც გარდა არასრულწლოვანთან მუშაობისა, გულისხმობს მათ ოჯახთან მუშაობასაც. აღნიშნულის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოწვევად დასახელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა და სტანდარტი, ასევე აღინიშნა, რომ ვერ ხერხდება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების სათანადოდ შეფასება და მათზე მორგებული სერვისის შეთავაზება. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები მხოლოდ ბავშვის განთავსების საკითხის მოგვარებით შემოიფარგლებიან. მათივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ბავშვის გადამისამართებისას მხედველობაში არ მიიღება არც შენობის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები არასრულწლოვანისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით, არც კონკრეტულ დაწესებულებაში არსებული სერვისები და არც ადამიანური რესურსების რაოდენობა, რაც ასევე აუცილებელია მცირე საოჯახო ტიპის სახლის, დღის ცენტრისა თუ თავშესაფრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება სერვისების ხარისხის კონტროლს, სერვისების ზედამხედველობა ხორციელდება შიდა და გარე მონიტორინგის სახით.
რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და მანდატურის სამსახურს, სკოლებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალური და ჯგუფური პრევენციული ტიპის სერვისები, რომელსაც გეგმავენ მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები. პერიოდულად სკოლებში კეთდება საჭიროებათა შეფასებაც, რომლის მიხედვითაც იგეგმება პრევენციული აქტივობები. რაც შეეხება სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სერვისს, მათი ხარისხის კონტროლი ხორციელდება შიდა და გარე მონიტორინგისა და მხარდაჭერის მექანიზმების გამოყენებით. იმ შემთხვევებისთვის კი, როდესაც ფსიქოლოგის ჩართულობა საკმარისი არ არის, სამინისტროს მემორანდუმი აქვს გაფორმებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ეროვნულ ცენტრთან, სადაც შედარებით მოკლე დროის მონაკვეთში იღებენ მანდატურის სამსახურიდან გადამისამართებულ ბავშვებს.
მიუხედავად ამისა, კვლევის ფარგლებში გამოკითხული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის უცნობია რა შედეგებზე გადის განათლების სამინისტრო სკოლებში ძალადობრივი ქცევის პრევენციის მიმართულებით. მართალია ჩანს გარკვეული ძალისხმევა, რაც გამოიხატება სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, მანდატურის ერთობლივ მუშაობაში, თუმცა ანგარიში იმის შესახებ რა კეთდება და რამდენად წარმატებულია ის საქმიანობა, რასაც ახორციელებენ აღნიშნული პროფესიონალები, სისტემის გარეთ მომუშავე ექსპერტებისთვის უცნობია. ხაზი გაესვა იმ ფაქტორსაც, რომ გასაძლიერებელია პრევენციაზე მიმართული სასკოლო სერვისები და მანდატურის ფსიქო-სოციალური სამსახურის ადამიანური რესურსი.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, კვლევამ ცხადყო, რომ არსებული სერვისების რაოდენობა არ არის საკმარისი. ის სერვისები კი, რომლებიც ხელმისაწვდომია ძირითადად არ პასუხობს ბავშვთა საჭიროებებს. ცენტრი მოზარდებს ძირითადად ინდივიდუალურ კონსულტაციებს სთავაზობს და რთავს ზოგადი ხასიათი პროგრამებში. ასევე აღინიშნა, რომ უწყებას არ აქვს სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნებოდა, კრიმინალური ღირებულებების შემცირებაზე. პრობლემურია დედაქალაქსა და რეგიონში პროგრამების თანაბარი ხელმისაწვდომის საკითხი, გამოწვევებია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებთან დაკავშირებითაც, სადაც სერვისების სიმცირის გარდა, პრობლემები იქმნება ენობრივი ბარიერის გამო. აქტიურად დგას სერვისების უწყვეტობის პრობლემაც.
კვლევის რესპონდენტების ნაწილმა განმარტა, რომ გამოწვევებია მიწოდებული მომსახურების ხარისხის შეფასების კუთხით. ხშირ შემთხვევაში პრე და პოსტ ტესტებით ახერხებენ მხოლოდ სერვისის მყისიერი შედეგის შეფასებას და ვერ განსაზღვრავენ მიწოდებული მომსახურების ხანგრძლივვადიან შედეგს.
რეფერირების მსგავსად, გამოწვევას წარმოადგენს განრიდება-მედიაციის პროცესში მრავალფეროვანი და საჭიროებებზე მორგებული პროგრამების სიმწირე. მომსახურების ძირითად მიმწოდებლად რჩება უშუალოდ პრობაციის ეროვნული სააგენტო. აქაც პრობლემურია სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობა თბილისსა და რეგიონებში. ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე სერვისის მიწოდების საკითხი. თუმცა დადებითად უნდა შეფასდეს მემორანდუმის გაფორმება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრთან, სადაც საჭიროების შემთხვევაში ხდება მოზარდების გადამისამართება.
სერვისების ეფექტურობის შეფასება ამ ეტაპზეც პრე და პოსტ ტესტების მეშვეობით ხორციელდება, თუმცა, ეფექტურობის გრძელვადიანად შეფასება ვერ ხერხდება და ერთადერთი შესაძლებლობაა, მოზარდზე დაკვირვებაა, იმ პერიოდში, სანამ არასრულწლოვანი უწყების ბენეფიციარად რჩება.
სხვა უწყებების მსგავსად, პენიტენციურ სისტემაშიც მომსახურების ძირითადი მიმწოდებლები არიან უშუალოდ უწყების/დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვან პატიმრებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო მომსახურებებს აწვდიან. უშუალოდ ძალადობრივ ქცევაზე ორიენტირებული პროგრამა ჯერ-ჯერობით არ აქვთ, თუმცა მოზარდები სხვადასხვა ტიპის სერვისებში მისამართდებიან, პარალელურად კი გრძელდება საჭირო პროგრამების შექმნაზე მუშაობა. სხვა სტრუქტურული ერთეულების მსგავსად, პენიტენციურ სისტემასაც აქვს შესაძლებლობა პროგრამის შეფასების ინსტრუმენტების მეშვეობით მოკლევადიანად გაზომოს სერვისების ეფექტიანობა, თუმცა გრძელვადიანი შედეგის შეფასება ვერ ხერხდება, რადგან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მისი პროგრესისა და გაწეული სერვისის ეფექტიანობის გაზომვა შეუძლებელი ხდება.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა უწყებისთვის საერთო პრობლემას წარმოადგენს მრავალფეროვანი სერვისის დეფიციტი, რაც შექმნიდა სერვისის კონკრეტული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას და თავის მხრივ გაზრდიდა სერვისი ეფექტიანობას. ამასთანავე მნიშვნელოვანია შესაძლებელი იყოს სერვისების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტის გაზომვა, რათა არსებობდეს სანდო მტკიცებულებები სერვისის სარგებლის და მისი გაგრძელების მიზანშეწონილობის შესაფასებლად.
მნიშვნელოვანია სერვისები არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ უწყებების ქვეშ და მისი მიწოდება მხოლოდ შიდა რესურსის გზით არ ხორციელდებოდეს. სერვისების გარე მიმწოდებლების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი სერვისის კატალოგის არსებობას, ასევე დაზოგავს სახელმწიფო უწყებების ადამიანურ და ფინანსურ რესურსს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში სახელმწიფო უწყების ფარგლებს გარეთ, ბავშვისათვის მეგობრულ, არაფორმალურ გარემოში სერვისის მიღება, როგორც წესი, ზრდის ბავშვის მოტივაციას და სერვისში ჩართულობის მაჩვენებელს.
მნიშვნელოვანია გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ბავშვისა და განსაკუთრებით მათი მშობლების მოტივირების მიმართულებითაც, რადგან სწორედ მშობლები არიან პასუხისმგებელნი ბავშვის სერვისში ჩართულობის უზრუნველყოფაზე. ხშირად ისინი თავად ვერ იაზრებენ სერვისების მნიშვნელობას და იმ მავნე შედეგს რაც შეიძლება მოჰყვეს მასზე უარის თქმას. შესაბამისად, თითოეული უწყების მხრიდან უფრო აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობაა საჭირო ბენეფიციართა მშობლებთან.