კრიმინალური სუბკულტურა და ძალადობრივი ქცევის გამოწვევები საქართველოში

ავტორი: ეკატერინე მაჭავარიანი

კრიმინალური სუბკულტურა, განსაკუთრებით „ქურდული“ სამყაროს გავლენა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოში მოზარდების ძალადობრივ ქცევასთან დაკავშირებით. კვლევის მიგნებები აჩვენებს, რომ კრიმინალური სუბკულტურები არა მხოლოდ ხელს უწყობენ ძალადობის ნორმალიზებას ახალგაზრდებში, არამედ ართულებენ მათ სოციალურ ინტეგრაციას და პიროვნულ განვითარებას.

ამასთან, ფაშისტური იდეოლოგიების (მაგ., სკინჰედების მოძრაობა) გავლენა ქმნის დისკრიმინაციული და აგრესიული ქცევის გავრცელების საფუძველს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ძალადობრივი ქცევის გამოწვევებს. კვლევამ ცხადყო, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენა ხშირად იჩენს თავს სოციალურად დაუცველ გარემოში, სადაც მოზარდები იმყოფებიან ოჯახური ძალადობის, ეკონომიკური სირთულეებისა და სოციალური მარგინალიზაციის პირობებში. ასეთ გარემოში კრიმინალური იდეოლოგიები ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ხდება, რადგან ისინი თავს დაცულად და გავლენიანად გრძნობენ აღნიშნული ჯგუფების მხარდაჭერით.

კვლევა ხაზს უსვამს, რომ “ქურდული” სუბკულტურა, რომელიც ეყრდნობა ძალადობას, დაპირისპირებასა და აგრესიას, ხშირად განაპირობებს მოზარდებში ძალადობრივი ქცევის განვითარების მაღალ რისკს. ამავე დროს, სკინჰედების მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფები ახალგაზრდებს იზიდავენ ფაშისტური იდეოლოგიების პროპაგანდით, რაც იწვევს დისკრიმინაციული ქმედებების გაძლიერებას.

კვლევის მონაცემების თანახმად, ძალადობრივი ქცევის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია ისეთ ჯგუფებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა აქტიურად ავითარებს თავის გავლენას. მოზარდები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები ან ჩნდებიან როგორც ძალადობის აქტორები, რაც პირდაპირ უკავშირდება ოჯახურ კონფლიქტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგს და სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობას.

სახელმწიფო სერვისები არაეფექტურია და ვერ ახდენს ძალადობრივი ქცევის პრევენციას. ასევე, გამოწვევად რჩება უწყებათაშორისი თანამშრომლობის დაბალი ხარისხი და რესურსების სიმცირე. ბევრ ქვეყანაში კრიმინალური სუბკულტურების გავლენის შემცირება ხდება კომპლექსური პრევენციული პროგრამების საშუალებით.

მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს განათლების, სოციალური დაცვის და სამართალდამცავ უწყებებს. ასეთ მოდელებში ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა სერვისები, მათ შორის ფსიქოლოგიური კონსულტაცია, სოციალური უნარების ტრენინგები და სპორტული აქტივობები.

დანიაში, მაგალითად, პროგრამა “Aarhus Model” ორიენტირებულია რადიკალიზაციის პრევენციაზე და აერთიანებს პოლიციას, სკოლებსა და სოციალურ მუშაკებს, რათა ახალგაზრდები ალტერნატიულად სოციალიზირდნენ.

გერმანიაში პროგრამა “EXIT Deutschland” განკუთვნილია ექსტრემისტული ჯგუფების წევრების გამოსაყვანად, რაც მოიცავს ინდივიდუალურ კონსულტაციებს, დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ეს მოდელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ფაშისტური იდეოლოგიების მქონე ახალგაზრდების რეაბილიტაციაში.

ნიდერლანდებში მოქმედებს პროგრამა “Youth Crime Prevention”, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალური ქცევის პრევენციას სოციალური ჩართულობისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით. პროგრამა იყენებს მენტორობის სისტემას, სადაც მოზარდები იღებენ პირდაპირ დახმარებას გამოცდილ მენტორებთან თანამშრომლობით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა, “Cure Violence”, ფოკუსირებულია ძალადობრივი ქცევის ეპიდემიურ მიდგომაზე. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ძალადობის გამოვლენის ადრეულ ეტაპზე შეჩერებას და იყენებს თემის ლიდერებს, რომლებიც არიან რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების მხარდამჭერები. აშშ-ში ასევე აღსანიშნავია “Big Brothers Big Sisters” პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებისთვის პოზიტიური მაგალითის შექმნას მენტორების დახმარებით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობისა და კრიმინალური ქცევის ალბათობას მოზარდებში. დიდ ბრიტანეთში პროგრამა “Troubled Families Programme” მუშაობს მაღალი რისკის მქონე ოჯახებზე, რათა გაუმჯობესდეს მოზარდების ქცევა და მათი ოჯახის სოციალური ფუნქციონირება. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სტაბილური გარემოს შექმნას, რაც მათ საშუალებას აძლევს თავი დააღწიონ კრიმინალურ გავლენებს.

საქართველოში მსგავსი პრევენციული პროგრამები ჯერ კიდევ განვითარებას საჭიროებს. დღეს არსებული მცირე სერვისების ეფექტურობა შეზღუდულია. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მჭიდრო კოორდინაცია უწყებებს შორის, მეტი რესურსების მობილიზაცია და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით რეგიონებში.