ანგარიში მომზადდა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ფინანსური
მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კვლევა განხორციელდა სამაგიდე და თვისებრივი კვლევის (ჩაღრმავებული ინტერვიუები)
მეთოდების გამოყენებით.
ავტორები: ანტონ ქელბაქიანი, ნატალია ცაგარელი
კვლევის ძირითადი მიგნებები
კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ რთული/მართლსაწინააღმდეგო ქცევის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა იყოს დაუსჯელობის განცდა მოზარდებში. საერთაშორისო სტანდარტები და ადგილობრივი კანონმდებლობა ხაზს უსვამენ იმას, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა, პირველ რიგში, გულისხმობს აქცენტის გაკეთებას მოზარდების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. თუმცა, ამავდროულად, სისხლის სამართლის პოლიტიკას აქვს და უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფუნქციაც. იგი უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანებში დანაშაულის პრევენციას. ადრეული პრევენცია (პირველი დონის პრევენცია) ცხადია უკავშირდება იმას, თუ როგორ მუშაობს საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის სისტემა, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მეორე (რისკ ჯგუფებთან მუშაობა) და მესამე დონის (განმეორებით დანაშაულის პრევენცია) პრევენციაზე, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სერვისებს, რომელმაც უნდა უზრუნველყონ რთული/დანაშაულებრივი ქცევის პრევენცია, ასევე სწორ სისხლის სამართლის პოლიტიკას, როგორც შემაკავებელ ფაქტორს.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს შორის, ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა იყოს კრიმინალური სუბკულტურის გავლენის ზრდა მოზარდებში. ამ ზრდაზე მიუთითებს, სხვადასხვა სახის კვლევები და ანგარიშებიც. ასევე გამოიკვეთა ისეთი სახის სუბკულტურის გავლენის ზრდაც, რომელიც უკავშირდება ფაშისტურ იდეოლოგიას, რაც საყურადღებო ტენდენციაა და მოითხოვს უფრო სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს.
გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებენ, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ზრდაა არასრულწლოვანებში, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენების, ასევე განრიდების, საპატიმრო და არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების მიმართულებით. მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა არის ამის მიზეზი, უკავშირდება ეს პრევენციულ პოლიტიკას, სერვისების დეფიციტს, სისხლის სამართლის პოლიტიკას, კრიმინალური სუბკულტურის გავლენების ზრდას, აღნიშნული ფაქტორების კომბინაციას თუ სხვა. ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობას კვლევის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები არ იძლევა, თუმცა ის ცხადად აჩვენებს იმ ძირითად კონტურებს, რა მიმართულებითაც მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევების ჩატარება.
კვლევამ ცხადყო, რომ მთელ რიგ შემთხვევებში დროულად ვერ ხორციელდება ოჯახში ბავშვის ძალადობრივი ქცევის იდენტიფიცირება და ამ ტიპის პრობლემები სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი შეტყობინების გარეშე ოჯახთან მუშაობისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს, მუნიციპალურ დონეზე კი ოჯახებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ძალადობრივი რისკები ვერ ფასდება. ძალადობრივი ქცევის დროული იდენტიფიცირების შეუძლებლობა თავის მხრივ იწვევს მიზნობრივი ინტერვენციის დაგვიანებას, ქმნის ძალდობრივ ქცევასთან გამკლავების რისკს და ართულებს არასრულწლოვანთა წარმატებული რეაბილიტაციის პროცესს. გამოწვევად რჩება ასევე ბავშვის სერვისებში ნებაყოფლობით ჩართვის საკითხი, რაც მოიაზრებს მშობლების მხრიდან ცალკეული სერვისების მნიშვნელობის გაცნობიერების პრობლემასაც. კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია მეტი მხარდაჭერა გაეწიოთ მშობლებს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებასა და ბავშვის აღზრდაში მხარდაჭერის მიმართულებით, ოჯახთან ინტენსიური მუშაობა და მშობლის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება, ხელს შეუწყობს ბავშვის სერვისებში ჩართულობის უზრუნველყოფას და შვილისთვის მშობლის კონსტრუქციულ როლურ მოდელად ჩამოყალიბებას;
მართალია, ადრე არსებული ფორმით რეფერირების დახურული ტიპის დაწესებულება ვერ პასუხობდა ბავშვთა საჭიროებებს და არ ემსახურებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რის გამოც საბოლოოდ დაიხურა და საკანონმდებლო დონეზე ჩანაცვლდა ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულებით, თუმცა, ეს ცვლილება მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რჩება და დაწესებულება რეალურად არ ფუნქციონირებს. მეტიც, იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთა დაქვემდებარებაში უნდა იყოს რეფერირების დაწესებულება, ხშირად ინფორმაციაც არ აქვთ მათივე უწყებაში ამ ტიპის ინსტიტუციის არსებობის შესახებ. კვლევამ ცხადყო, რომ მთელ რიგ კრიზისულ შემთხვევებში, საჭიროა ბავშვის ნახევრად დახურულ უსაფრთხო დაწესებულებაში განთავსება, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. შესაბამისად, ბავშვის გადადის დღის ცენტრსა თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ვერ ფასდება თითოეული მათგანის რისკები თუ საჭიროებები. ეს, ხშირ შემთხვევაში, ქმნის ბავშვზე განმეორებითი ძალადობის რისკს, ან გარემოებებს, რომლებშიც ეს ბავშვი თავად უქმნის საფრთხეს სხვა თანატოლებს.
გამოწვევას წარმოადგენს ასევე ადამიანური რესურსებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სერვისების ხელმისაწვდომობა, როგორც ზრუნვის სააგენტოს და განათლების სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების/მომსახურებების ფარგლებში (არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესი, განრიდება-მედიაციის პროგრამა, პირობითი მსჯავრის/არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების პროცესი). მართალია, ცალკეული სერვისები არსებობს, თუმცა მათი სპექტრი შეზღუდულია, რაც თავის მხრივ ართულებს სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული პროგრამების ხელმისაწვდომობას, ასევე მნიშვნელოვანია უფრო მეტი მტკიცებულების (კვლევების, შეფასების) არსებობა სერვისების ეფექტიანობის გასაზომად.
გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ სერვისები არათანაბრად არის განაწილებული და ძირითადად კონცენტრირებულია ცენტრალურ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი). ეს განსაკუთრებით არის გამოკვეთილი როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით, ასევე, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებთანაც.
კვლევის შედეგად ცხადი გახდა, რომ ამ ეტაპზე მწვავედ დგას ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვებთან მომუშავე უწყებების ურთიერთ-თანამშრომლობის საკითხი. არ არსებობს უწყებების სერვისების ერთიანი ბაზა (რიადის წესების თანახმად, მნიშვნელოვანია არსებობდეს როგორც არსებული რესურსების ერთიანი ჩამონათვალი და გაწერილი იყოს პასუხისმგებლობები პრევენციაში ჩართული უწყებებისთვის). ასევე, დეტალურად არ არის გაწერილი უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და უკუკავშირის მიღების მექანიზმი და კონკრეტულ საქმეზე სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა კომპეტენციები.
მოზარდებში ძალადობრივი ქცევის პრევენციის მიზნით, რთული ქცევის მოზარდების იდენტიფიცირების, რეფერირების და განმეორებითი ქცევის პრევენციის მიმართულებით, თავისი როლი და ფუნქცია აქვს, როგორც საგანმანათლებლო და სოციალური დაცვის (განსაკუთრებით ადრეული პრევენციის მიმართულებით) ასევე, სამართალდამცავ ორგანოებს. ამ კუთხით გამოწვევას წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არ არსებობა, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა უწყების ფუნქცია და როლი.