ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ, ან წაგიკითხავთ ინფორმაცია მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის ჯანსაღი ბალანსის დაცვის შესახებ, შესაბამისად სამსახურის ძიებისას იმასაც ითვალისწინებთ, რამდენად შეძლებთ დასაქმების პარალელურად ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნებას, დასვენებასა და ძალების აღდგენას. ამ ბალანსის დარღვევა და იმ ტიპის სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც სასწორის პინას სამსახურის სასარგებლოდ დრამატულად გადახრის, თანამედროვე საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ სამსახური დარჩა და ყველაფერზე, რისთვისაც შრომობთ და ცდილობთ, წვდომა დაკარგეთ. არა მხოლოდ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობთ, არამედ სახლში საერთოდ ვეღარ ბრუნდებით. ვერ ბრუნდებით არა ერთი და ორი დღით, არამედ ერთი თვის ან კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ალბათ, ამ რეალობის წარმოდგენაც კი ყველას გაგვიჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ მასთან გამკლავებაზე. სწორედ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა პენიტენციური სისტემის პერსონალი COVID-19-ის პანდემიის დაწყების პირველ თვეებში. ერთ დღეს მათ უბრალოდ პატიმრებთან ერთად დაიწყეს ციხეში ცხოვრება.
საქართველოს სახალხო დამცველისა და ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის“ ერთობლივ ანგარიშში, პენიტენციური სისტემის პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა სწორედ პანდემიასთან კონტექსტში შეფასდა. ანგარიშში ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც პენიტენციური სისტემის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. პროფესიული გადაწყვა, შფოთვა, უძილობა, არაკომპენსირებადი ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში საკნის ტიპის ოთახებში ცხოვრება, ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობის დეფიციტი, ტრანსპორტირებასა და კვებასთან დაკავშირებით არსებული ყოფითი საკითხები, იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლის გადალახვაც მათ პანდემიის სტრესის პარალელურად მოუწიათ. ყველაზე მეტ სირთულეს კი გაურკვევლობა წარმოადგენდა, როდესაც მათ უბრალოდ არ იცოდნენ როდემდე იქნებოდა საჭირო სამსახურში დარჩენა. ალბათ, ნიშანდობლივია, რომ სისტემაში დასაქმებულთა მიმართ, 2020 წლის დისციპლიური სახდელების სრული ოდენობის 72% სწორედ ამ პერიოდში იქნა გამოყენებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რეპრესიული მეთოდი არ არის დისციპლინის დარღვევებზე საუკეთესო პასუხი და უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში იმ გამოწვევების პრევენცია, რაც დისციპლინის დარღვევის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.
ეს ის ციფრია, რომელმაც უნდა დააფიქროს სისტემის მენეჯერები და მათ სტატისტიკური მონაცემების ანალიზისკენ უბიძგოს. იქნებ, ასე ხანგრძლივად თანამშრომელთა ჩაკეტვა არ იყოს სწორი გამოსავალი, იქნებ ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე და შემდეგაც ჯობდა უფრო გააზრებული საკადრო პოლიტიკის წარმოება, რაც ვაკანსიების შევსებას და შესაბამისად განსაკუთრებული პირობების არსებობისას თანამშრომელთა როტაციას შეუწყობდა ხელს. 2020 წლის მანძილზე წახალისების მხოლოდ 2 შემთხვევაც არ უნდა ასახავდეს რეალურ სურათს, უცნაურია, რომ საკმაოდ დიდ სისტემაში ერთი წლის მანძილზე არ აღმოჩნდა 2 ადამიანზე მეტი, რომელიც სრულიად ობიექტურად წახალისებას იმსახურებდა. კვლევამ ცხადყო, რომ ის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევები, რომლის წინაშეც თანამშრომლები აღმოჩნდნენ საკმაოდ თვალსაჩინო იყო ექსპერტებისა და მათივე კოლეგებისთვის, თუმცა აღნიშნულ სირთულეებთან გასამკლავებლად თანამშრომლებს არც სისტემის შიგნით და არც დაწესებულებებს მიღმა ფსიქოლოგის სერვისი არ მიეწოდებათ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ხელფასიდან დაფინანსება კი ისედაც მწირი ანაზღაურების პირობებში, მათთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი ფუფუნებაა.
- „წასვლის მსურველი იყო ბევრი, ბევრ წავიდა… ვერ უძლებენ და იღლებიან“;
- „წასვლით წავიდნენ ბიჭები, საკმაოდ, ვერ გაუძლეს დაკეტილობას“;
- „ორი თანამშრომელი ვასრულებთ რვა კაცის მომსახურებას. რთული სამსახურია. მეც ვფიქრობ წასვლაზე, რაც აქ ვმუშაობ შვილები უპატრონოდ გაიზარდნენ. მე ეს სამსახური არ მინაზღაურებს იმ ემოციურ ტკივილს, რასაც განვიცდი“;
- „ძალიან გვიჭირდა აქ ყოფნა. ის რომ ჩაკეტილი ვიყავით, რომ გაგრძელდა და ბოლო აღარ უჩანდა, ის პერიოდი რომ დაბრუნდეს, პატაკს დავწერ და წავალ. მართლა შეგვერყა ფსიქიკა, ცუდად ვარ ფსიქოლოგიურად, აღარც ძალა მაქვს და აღარც შესაძლებლობა. “
ეს ის სიტყვებია, რამაც პენიტენციური სისტემის პერსონალზე პანდემიის ზეგავლენის სევდიანი სურათი დაგვანახა და ნათლად წარმოაჩინა, რომ ჩვენმა სისტემამ ვერ შეძლო სრულად ეპასუხა საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციებისთვის პერსონალთან დაკავშირებით, რაც მათთვის ფსიქოლოგიური სერვისის, ოჯახთან შეუზღუდავი კომუნიკაციის, მათი სისტემატური ინფორმირებისა და ზოგადად ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას გულისხმობდა.
ალბათ ეს ყველაფერი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ პენიტენციური სისტემა თანამშრომლებს ხანგრძლივად ვერ ინარჩუნებს. 2020-2021 წლების მანძილზე სისტემა 439-მა ადამიანმა დატოვა, ამავე პერიოდში მხოლოდ 277 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში 162 ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდამდეც კვალიფიციური კადრების მოზიდვა სისტემაში საკმაოდ ჭირდა, მივხვდებით რა რთული ვითარებაა დასაქმებულთა რაოდენობის თვალსაზრისით. სამინისტროს არც ე.წ. „სამსახურიდან წასვლის ინტერვიუს“ პრაქტიკა აქვს, რაც შესაძლებლობას მისცემდა გაეანალიზებინა ძირითადად რა ფაქტორები განაპირობებს თანამშრომელთა მიერ სამსახურის დატოვებას და მიზანმიმართულად ეპასუხა აღნიშნული გამოწვევებისთვის, ეს კი ხელს შეუწყობდა გამოცდილი და კომპეტენტური კადრების შენარჩუნებას, რომელთა გაძლიერებაში დონორებისა თუ უწყების მნიშვნელოვანი რესურსია ჩადებული.
თანამშრომლებს კვლავ აქვთ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების იმედი, ჩვენც ამ სისტემის გულშემატკივარნი მოუთმენლად ველით დროს, როდესაც პენიტენციურ სისტემაში დასაქმება არ იქნება გამოწვეული უკიდურესი აუცილებლობითა თუ მწირი არჩევანით, პირიქით, სისტემაში სამსახური აღქმულ იქნება როგორც ღირსეული და კონკურენტული სამუშაო, რომელიც თანამშრომლებს აძლევს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მერიტოკრატიული პრინციპების საფუძველზე.