ავტორი: ნატალია ცაგარელი
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრევენცია არის არა ერთი რომელიმე უწყების პასუხისმგებლობა, როგორც ეს წლების მანძილზე მიიჩნეოდა, არამედ მწყობრი და კომპლექსური აქტივობების ერთობლიობა, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მისთვის განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზეა ანგარიშვალდებული. მართალია, ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ერთიანი პრევენციული პოლიტიკის განსაზღვრა, თუმცა ნათლად უნდა გაიმიჯნოს ცალკეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა როლები. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების მიღმა, არასრულწლოვანთა დანაშაულისა და ძალადობრივი ქმედებების პრევენციის პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობაც. სწორედ მუნიციპალიტეტები არიან პასუხისმგებელნი ადგილობრივი საზოგადოების უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების გატარებაზე, მათვე აქვთ თემის ფარგლებში თითოეულ ოჯახთან კომუნიკაციისა და ბავშვებთან დაკავშირებული რისკების პირველადი იდენტიფიცირების საუკეთესო შესაძლებლობა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება ალკოჰოლურ და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ნაწარმის აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელება, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუძლია განახორციელოს ღონისძიებები ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, საზოგადოებრივი განათლების, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვა/დახმარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების იდენტიფიცირებას, შეფასებას და შესაბამისი დაწესებულებების ინფორმირებას, მიზნობრივი ჯგუფების და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას. სოციალური სამუშაოს ფარგლებში პრევენციული საქმიანობა მოიაზრებს ქმედებას, როცა სოციალური მუშაკი ბენეფიციარს აწვდის შესაბამის მომსახურებას, როდესაც საფრთხე არ არსებობს, თუმცა ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის დიდი ალბათობით წარმოიქმნება.
პრევენციის თანამედროვე მოდელი განსაკუთრებულ როლს ანიჭებს სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებს გარეთ მუშაობას და გულისხმობს სოციალური პირობებისა და სოციალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ზრუნვაზე ორიენტირებული, სოციალურად მგრძნობიარე პრევენციული პოლიტიკის წარმოებას.
მართალია წლების მანძილზე საქართველოში მოხდა პრევენციის ტრადიციული გაგებიდან, (როდესაც ამ საქმიანობაში მხოლოდ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს საქმიანობა მოიაზრებოდა) თანამედროვე გაგებაზე გადასვლა, (რაც გულისხმობს მულტიუწყებრივ თანამშრომლობას და აღმზრდელობითი და სოციალური სამსახურების ჩართვას პრევენციულ ღონისძიებებში), თუმცა სამწუხაროდ მუნიციპალიტეტების როლი სათანადოდ გამოკვეთილი და აქტიური ისევ არ არის. რესურსების სიმწირისა და არასისტემურობის პარალელურად, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს დანაშაულის გამომწვევი მიზეზების არასათანადო კვლევით, რაც ნათლად წარმოაჩენდა არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს, სახელმწიფოს ცხად წარმოდგენას შეუქმნიდა იმ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც აუცილებელია და შესაძლებელს გახდიდა დეტალურად განსაზღვრულიყო ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის როლი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის ხარვეზები, ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არარსებობა, იწვევს უწყებებს შორის გათიშულობას, მულტიუწყებრივი თანამშრომლობის შეფერხებას და თვითთმართველი რგოლების არასისტემურ საქმიანობას პრევენციის მიმართულებით. მუნიციპალიტეტების ერთი ნაწილი მეტად აცნობიერებს თავის პრევენციულ როლს, მეორე ნაწილი კი ნაკლებად, შესაბამისად სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში არასრულწლოვანთა პრევენციული პროგრამები ან საერთოდ არ არსებობს, ან არათანაბრად არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება დანაშაულის ან ძალადობრივი რისკის მქონე არასრულწლოვანთა იდენტიფიცირებასა და პრევენციულ პროგრამებში ჩართვის დროულობას, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას უნდა წარმოადგენდეს, ეს ამოცანა თითქმის ვერასოდეს ხორციელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა რჩება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ქსელის პასიურ რგოლად. არასაკმარისი ჩართულობა ეხება არა მხოლოდ შესაბამისი სპორტულ-რეკრეაციული და პრევენციული პროგრამების ნაკლებობას, არამედ მშობლებთან და ოჯახთან მუშაობის კუთხით არსებულ გამოწვევებსაც.
მოზარდების ძალადობრივი ქცევის პრევენციის პროცესის კვლევის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა ცხადყო, რომ მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკები ვერ ახერხებენ ოჯახების დროულ მხარდაჭერას, ძალადობრივი თუ სხვა სარისკო ქცევის მქონე არასრულწლოვანთა ადრეულ იდენტიფიცირებას და მათ შესახებ პარტნიორი უწყებების ინფორმირებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მულტიუწყებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრევენციის პოლიტიკაში ჩართულობის ეფექტიანობის შესახებ, განისაზღვროს ის კონკრეტული საჭიროებები, რომლებზეც პასუხისმგებლობას აიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე განისაზღვროს ცალკეული პროგრამების არსებობის საჭიროებები, მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, გაიწეროს ის აქტივობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში და პერიოდულად შეფასდეს ის პროგრესი, რომელიც ერთიანი პრევენციული პოლიტიკის განხორციელებაში თვითმმართველობების ჩართულობას მოჰყვება.