ხარვეზები პენიტენციურ სისტემაში – ვინ დაიცავს ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს? – ტატო ქელბაქიანი

პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზეზე სასაუბროდ 11 მაისს მრგვალი მაგიდის ფარგლებში დისკუსია მოეწყო. შეხვედრა, რომელსაც ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით გაიმართა.

„ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ხელმძღვანელი, ტატო ქელბაქიანი  ამბობს, რომ პენიტენციურ სისტემაში ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს და ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. მისი თქმით, ამ მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენებამ ან გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში მათი ეფექტურად ინტეგრაციისთვის.

”მონაცემების დამუშავების წესში არის უამრავი ხარვეზი. ვინ ამუშავებს, ვის აქვს ხელმისაწვდომობა, ვის შეუძლია გაეცნოს, როგორ ინახება და როგორ ნადგურდება – ეს ყველაფერი არის დასარეგულირებელი და სამართლებრივ ჩარჩოსი მოსაქცევი. ზუსტად ამაზეა ორიენტირებული ადვოკატირების პროცესი, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ ჯერ სამართლებრივ დონეზე და მერე, ტექნიკურად. რა გზით წავლენ, ან როგორ დაარეგულირებენ ამ საქმეს ტექნიკურად, ეგ უკვე მეორე საკითხია. შეიძლება ელექტრონული სისტემა შექმნან, შეიძლება – სხვა. მთავარია, ეს დაცულობა არსებობდეს და იყოს დონეების მიხედვით: ვის და როდის შეუძლია ნახოს, როგორ აღირიცხება, რამდენი ხანი ინახება, რამდენ ხანში ნადგურდება, ვის და რა დოზით შეიძლება გაუზიარონ,” – ამბობს ქელბაქიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საერთოდ არ არის აუცილებელი ვინმესთვის, გარდა იმ პირებისა, ვინც უშუალოდ მუშაობს სისტემაში – სოციალური მუშაკებისთვის და ფსიქოლოგებისთვის:

”ომბუდსმენს თავისთავად აქვს ეს უფლება, მაგრამ რეალურად ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ პირებს, ვინც ამ ბავშვებთან უნდა იმუშაოს ინდივიდუალურად ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ სამუშაოებში. თუ სამართალდამცავ ორგანოს ექნება ინფორმაცია, ისეთ პირებს უნდა ჰქონდეთ, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და დამოკიდებულება. ინფორმაციის გაცვლის წესი არის საკმაოდ დაუცველი და შესაძლებელია ეს ინფორმაცია აღმოჩნდეს ისეთ ადამიანთან, თუნდაც სამართალდამცავთან ან ნებისმიერ სხვასთან, რომელმაც ამის გამოყენება არ იცის.”

”ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის”  საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის მიხედვით, რომლის შექმნაზეც არასამთავრობო ორგანიზაცია გასული წლის სექტემბრ-ნოემბერში მუშაობდა, წარსული მძიმე მემკვიდრეობის გამო საკმაოდ რთულია უსაფრთხოების სისტემის სწრაფი მოდიფიცირება. განსაკუთრებით, დიდი ზომის დაწესებულებებში, სადაც არ არის ბალანსი თანამშრომლებისა და პატიმრების რაოდენობას შორის. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს უსაფრთხოების სისტემის ცვლილება და პენიტენციურმა სისტემამ უარი თქვას პოლიციური მეთოდებით მართვაზე. ორგანიზაციაში წარმომადგენლები გამოსავალს დინამიკური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში ხედავენ, როგორც ეს არის ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. მათი რეკომენდაციით, დინამიკური უსაფრთხოების სისტემა აგებული უნდა იყოს მულტიდისციპლინურ მუშაობაზე, სხვადასხვა სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაზე:

”ასეთი სახის ცვილებების დაწყება სავსებით შესაძლებელია იმ დაწესებულებებში, სადაც განთავსებული არიან ბავშვები, ვინაიდან ადამიანური რესურსები და სისტემის ცვლილება ამ ჯგუფთან მიმართებაში ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია. ბავშვებთან მიმართებაში უნდა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც აგებული იქნება მულტიდისციპლინური მუშაობის პრინციპზე, სადაც ჩართული იქნება სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რაც გამორიცხავს პოლიციური სისტემის ტიპის მმართველობას, დაცული იქნება კონფიდენციალობა და მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესზე.”

ორგანიზაციის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ ტრენინგმოდულები დამუშავებულია, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც დირექტორებს არ სცალიათ და მიზეზთა გამო მათ არ უშვებენ გადამზადებაში მონაწილეობის მისაღებად. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ინიშნებიან თანამდებობებზე პენიტენციურ სისტემაში გადამზადების გარეშე. ქელბაქიანის თქმით, სანამ პირები დაინიშნებიან თანამდებობებზე, მანამდე აუცილებელია მათი გადამზადება.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პერსონალური მონაცემი არის – „ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით“.

„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას მიკუთვნებულ მონაცემთა მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე. სპეციალისტების თქმით, ეს ფაქტობრივად სამართლებრივი დაცვის მექანიზმის გარეშე ტოვებს პენიტენციურ სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ნინო სარიშვილი ამ სფეროში არსებულ არაზუსტ მიდგომების განმაპირობებელ ფაქტორად ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობას უკავშირებს, სადაც არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მონაცემები იქნება თავმოყრილი.

”არასრულწლოვნები სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებასთან ახდენენ კონტაქტს. მაგალითად, თუ პირველად ხდება დანაშაულის ჩადენა, ან როდესაც არის ეჭვმიტანილი, კონტაქტი შსს-სთან ხდება. შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და თუ შეეფარდებათ გარკვეული სასჯელი, უკვე პენიტენციურ სისტემაში გადადიან. ისეთი სისტემა, რომელიც გააერთიანებდა შშს-ს, პროკურატურას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას – ერთიანი სტატისტიკური სისტემა, მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ამის გამო არის, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არასრულწლოვანთა დანაშაულთან და ასევე პრევენციულ მექანიზმებთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არ არსებობს. რა თქმა უნდა, მონაცემთა გარვკეული ნაწილი აქვს შსს-ს, მეორე ნაწილი – სასჯელაღსრულებას, მესამე ნაწილი – პროკურატურას, თუმცა ერთიანად თავმოყრილი ეს არ არის. ეს წარმოშობს იმ პრობლემას, რომ სრული სურათის ხილვა შესაძლებელი არ არის. ამისთვის არის საჭირო, რომ შეიქმნას ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ანალიზი გავაკეთოთ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაციის მიმოცვლა სხვადასხვა დაწესებულებებს შორის მოხდეს ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის” კანონის საფუძველზე ისე, რომ უზრონველყოფილი იყოს ბავშვის საუკეთესო, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა და არ მოხდეს ამის ხელყოფა,” – ამბობს ნინო სარიშვილი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს მრჩეველი, გიორგი ქარქაშიძე აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით ამ სფეროში ბევრი რამე უკვე გამოსწორდა, მათ შორის პროფესიული კურსების გადამზადების კუთხით. მისი თქმით, კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც აუცილებელი იქნება სავალდებულო კურსების გავლა და იქ ჩამოთვლილი იქნება, თუ რა კურსებზეა საუბარი:

”რა ხარვეზებსაც გამოავლენენ ეს ორგანიზაციები და გამოგვიგზავნიან სამინისტროში, სამინისტრო იმსჯელებს, განახორციელებს, რა თქმა უნდა, შესაბამის კონსულტაციებს ორგანიზაციებთან. რაც იქნება მისაღები, გაიზიარებს; რაც არ იქნება მისაღები – იმსჯელებს და შესაბამის დასაბუთებასაც დადებს. სულ ცოტა ხანში ახალი კანონი შევა ძალაში ”პენიტენციური სისტემის შესახებ”, რომელიც განსაზღვრავს დეტალურად მოსამსახურის სამსახურში მიღების წესს, ეტაპებს და ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული, რაც ხელს შეუწყობს მოსამსახურეების მაღალ პროფესიულ მომზადებას.”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებით უკვე მეორე წელია პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერის, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, ისინი ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებენ.

”ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის”  საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის მიხედვით, ამჟამინდელ კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, რომლის თანახმად, სოციალური მუშაკი განრიდებასა და მედიაციასთან დაკავშირებულ საქმის წარმოების ჩანაწერებს ინახავს პრობაციის შესაბამისი ბიუროს ოფისში, სათანადოდ დაცულ ადგილას. ორგანიზაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელ კანონშივე აუცილებლად არის შესამუშავებელი კანონქვემდებარე აქტები. მათი თქმით, კანონქვემდებარე აქტებში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას გულისხმობს „სათანადო წესით“ დაარქივება, როგორია აღნიშნული ინფორმაციის დაცულობის სტანდარტები, რა ვადით ინახება მითითებული დოკუმენტები და როგორ ხდება მათი განადგურება. საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის მიხედვით, პრობაციის სიტემაში, ასევე, არ არის განსაზღვრული სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის შენახვისა და განადგურების წესი.

ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებამდე, აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბავშვთა პერსონალური მონაცემების პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში საკანონმდებლო დონეზე არსებობს უამრავი ხარვეზი, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვას. მათი თქმით, პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოიყენონ პირის მიმართ (როგორც არასრულწლოვნების პერიოდში, ასევე სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ) ზეწოლის, მუქარის და შანტაჟის მიზნით, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკისა და უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის არაერთხელ გასაჯაროების გამო. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მარტო საკანონმდებლო რეგულირება ასეთი სახის მონაცემების სრულად დაცვის გარანტიას ბოლომდე მაინც ვერ იძლევა. თუმცა, მათი თქმით, ეს პირველი და აუცილებელი ნაბიჯი იქნება ამ პრობლემის გადაჭრის გზაზე.

 

წყარო