ბლოგი, სიახლეებიჩვენ არ ვიცით რამდენი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით საქართველოში – ტატო ქელბაქიანი თვითმკლელობა (სუიციდი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური პრობლემაა. ეს პრობლემა, განსაკუთრებით მწვავედ დგას 15-29 წლამდე ასაკის მოზარდებში. ცხადია არც საქართველოა ამ კუთხით გამონაკლისი. თუმცა, იმისთვის რომ ასეთი სახის გამოწვევას გავუმკლავდეთ, კარგად უნდა ვიცოდეთ პრობლემის მასშტაბი და სიღრმეები.ახალგაზრდებში სუიციდის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს შემუშავებული უნდა ჰქონდეს სუიციდის პრევენციის სტრატეგია, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. ჩამოყალიბებული უნდა იყოს ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებს, შეიმუშავონ და პრაქტიკაში დანერგონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები სუიციდის პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (ჯანმო) აყალიბებს კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ასეთი სახის ინფორმაციის დამუშავება. ჯანმოს რეკომენდაციით უნდა შეიქმნას საკოორდინაციო მექანიზი, სადაც განსაზღვრული იქნება სხვადასხვა უწყებების/პროფესიონალების ფუნქცია ინფორმაციის დამუშავების მიმართულებით; უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული მეთოდოლოგია, თუ რა წყაროებზე დაყრდნობით და რა სახის მონამცემები უნდა დამუშავდეს.სუიციდის შემთხვევების აღწერა შეუძლებელია იყოს ერთი უწყების ფუნქცია. ამ კუთხით, თავისი როლი უნდა ჰქონდეს განსაზღვრული, როგორც ჯანდაცვის სექტორს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს. ერთი შეხედვით, ადამიანის გარდაცვალება, შეიძლება ჰგავდეს თვითმკვლელობას, თუმცა სუიციდის დადასტურებას სჭირდება მოკლვევა/გამოძიება, რათა დადგინდეს გარდაცვალების რეალური მიზეზი. ცალკე არსებობს ჯანმოს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ხდებოდეს აღნიშნული მიზეზების აღწერა სამედიცინო კუთხით. აქედან გამომდინარე, უწყებათაშოროსი თანამშრომლობისა და კოორდინაციის მექანიზმის გარეშე, შეუძლებელია ამ მონაცემების ობიექტურად დამუშავება. ხოლო თუ არ გვექნება ობიექტური მონაცემები, შესაბამისად არ გვეცოდინება პრობლემის მასშტაბები, რასაც უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა.რა პრაქტიკა გვაქვს საქართველოში?სუიციდის შემთხვევების თაობაზე სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და სტატისტიკის ეროვნული სააგენტო (საქსტატი). შსს მონაცემების დამუშავებას ახორციელებს გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, ხოლო საქსტატი ჯანდაცვის სექტორიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს. ამ ორი უწყების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შორის ცდომილება ძალიან დიდია, ხშირ შემთხვევაში ის 100% -საც აღემატება. მაგალითისთვის ქვემოთ მოცემული ციფრებიც საკმარისია:2018 წელს შსს მონაცემებით საქართველოში თვითმკვლელობით სიცოცხლე დაასრულა 459 ადამიანმა, ხოლო საქსტატის მონაცემებით 250-მა.2019 ში შსს მონაცემებით – 377 ადამიანმა, საქსტატის მონაცემებით კი – 261-მა ადამიანმა;2020-ში შსს მონაცემებით – 379 ადამიანმა, საქსტატის მონაცემებით – 202-მა ადამიანმა.ასეთი ცდომილების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული უწყებები სუიციდის შესახებ მონაცემებს, მხოლოდ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამუშავებენ, არ ხდება ინფორმაციის გაცვლა და მონაცემების შედარება. ასევე არ არის ჩამოყალიბებული კონკრეტული მეთოდოლოგია და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩო. შესაბამისად, არცერთი უწყების მიერ დამუშავებული მონაცემები არ არის სანდო.აქედან გამომდინარე, დღეს ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს წარმოდგენაც არ აქვთ რამდენი ადამიანის ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით საქართველოში. შესაბამისად შეუძლებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება ამ პრობლემასთან გამკლავების მიზნით.