უსაფრთხოების სისტემის ხარვეზებზე პენიტენციურ დაწესებულებებში – ტატო ქელბაქიანი

პოლიტიკოსებს,  საზოგადოებასა და პოლიტიკის განმსაზღვრელ თანამდებობის პირებს ხშირ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და გადამეტებული მოლოდინები აქვთ პენიტენციური სისტემისგან. სპეციალისტთა და პრაქტიკოსთა მცირე ჯგუფის გარდა, მათ შორისაც კი, ცოტას თუ ესმის მკაფიოდ, თუ როგორ „მუშაობს“ პენიტენციური სისტემა.

პენიტენციური სისტემა საკმაოდ რთულ ფენომენს წარმოადგენს, რომელზეც წლების განმავლობაში გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სამართლებრივი და პრაქტიკული ხასიათის ცვლილებები. საქართველოს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბებული პენიტენციური სისტემის სახით, რომელმაც არსებითი ცვლილებები, ინსტიტუციური განვითარების კუთხით, ვერ განიცადა ვერც პოსტ-საბჭოთა საქართველოში. ამის ძირითადი მიზეზი იყო და არის პენიტენციური სისტემის შიგნით არსებული ინსტიტუციური კულტურა, რომელზეც თავისთავად გავლენას ახდენს/ახდენდა სხვადასხვა ფაქტორები.

პატიმართა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა არის პენიტენციური სისტემის ნომერ პირველი ამოცანა. ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე შეუძლებელია ფიქრი სისტემის რეფორმის წარმატებულად განხორციელებაზე.

როგორი სახის უსაფრთხოების სისტემა გვაქვს პენიტენციურ სისტემაში? რამდენად პასუხობს იგი საერთაშორისო სტანდარტებს?

უსაფრთხოების სისტემა შედგება ორი ნაწილისგან – სტატიკური და დინამიური უსაფრთხოების სისტემები.

სტატიკური უსაფრთხოების სისტემის შემადგენელი ნაწილია დაწესებულების ინფრასტრუქტურა, სასაკნე ტიპის სადგომები და სახეები, ვიდეოკონტროლის სისტემა და ა.შ. უსაფრთხოების სისტემის ისეთი კომპონენტები, რომლებიც უცვლელია.

დინამიური უსაფრთხოების სისტემა კი გულისხმობს დაწესებულებაში არსებული რისკების მართვას ყოველდღიურ რეჟიმში, სხვადასხვა სამსახურების კოორდინირებული მუშაობით და სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტების გამოყენებით.

პენიტენციურ სისტემაში დღევანდელი დინამიური უსაფრთხოების სისტემა აგებულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპზე, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და ფაქტობრივად უცვლელად აგრძელებს ფუნქციონირებას დღესაც. ეს პრაქტიკულად არის პოლიციური მართვის სტილი, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ პენიტენციური სისტემა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, მათ შორის პოსტ-საბჭოთა საქართველოშიც.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლებიდან პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამჟამად აგრძელებს ფუნქციონირებას დამოუკიდებლად არსებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახით, უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად არ შეცვლილა და იმავე პრინციპით და იმავე მეთოდებით აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ეს იყო პენიტენციური სისტემის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნის პერიოდში.

რას გვეუბნება საერთაშორისო სტანდარტები?

ციხის ევროპული წესების თანახმად – „ციხეებს უნდა გააჩნდეთ დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა და გამოყოფილი იყვნენ საჯარისო, საპოლიციო და სხვა სისხლის სამართლის საგამოძიებო სამსახურებიდან“.

ფაქტობრივად ევროსაბჭოს არც ერთი აღნიშნული რეკომენდაცია ამ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის – პენიტენციური დაწესებულებების გარე დაცვის სამსახურში არიან სამხედრო სამსახურის წვევამდელები, უსაფრთხოების სამსახური ფუნქციონირებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია – საგამოძიებო დეპარტამენტი.

წარსული მძიმე მემკვიდრეობის გამო, საკმაოდ რთულია უსაფრთხოების სისტემის სწრაფი მოდიფიცირება, განსაკუთრებით დიდი ზომის დაწესებულებებში, სადაც არ არის ბალანსი თანამშრომლებისა და პატიმრების რაოდენობას შორის და პრობლემებია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, თუმცა, აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს უსაფრთხოების სისტემის მოდიფიცირება და პენიტენციურმა სისტემამ უარი თქვას პოლიციური მეთოდებით მართვაზე. ეს სრულიად შესაძლებელია, რაზეც უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა რისკებს შეიცავს დღეს არსებული მოდელი?

პენიტენციურ სისტემაში დინამიური უსაფრთხოების სისტემა რეგულირდება ფაქტობრივად იგივე სამართლებრივი ბაზით, რაც არის პოლიციის სისტემაში. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მართვა ხორციელდება პოლიციური მეთოდით, ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის საფუძველზე.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად დამუშავებული მონაცემები ძირითადად წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს და მათზე წვდომის საკითხი რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. კანონმდებლობით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად დამუშავებული მონაცემები წარმოადგეს სრულიად საიდუმლო ცნობებს მიკუთვებულ ინფორმაციას, ხოლო ასეთი სახის საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით, სპეციალური შემოწმების საფუძველზე.

ასეთი სახის მონაცემების დამუშავებაზე გარე კონტროლის შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეს ორ უწყებას – სახალხო დამცველს, მასთან არსებულის ეროვნული პრევენციული მექანიზმის მეშვეობით და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს. თუმცა ამ ორივე უწყებას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით აქვს შეზღუდვები ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე კონტროლის განხორციელების კუთხით.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის 2014 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, პატიმართა ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში ხშირი გადაყვანის მზარდი ტენდენცია 2014 წელსაც შენარჩუნდა. სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას, შეისწავლოს გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ოფიციალურად განმარტავს, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის საიდუმლო წერილი, რომელიც შეიცავს ოპერატიულ ინფორმაციას, ხოლო, ამ ტიპის ინფორმაციის წვდომაზე სახალხო დამცველს დაშვება არ აქვს“.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით”, მაგრამ აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება სახალხო დამცველს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის არ შეუძლია და მხოლოდ მის უფლებამოსილება წარმოადგენს, რაც ქმნის კიდეც პრობლემებს, როგორც ეს არის კიდეც აღნიშნული მის ანგარიშში.

 

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს, კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტორის აპარატს პენიტენციურ სისტემაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი შეუძლია განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ესეთი მონაცემების დამუშავება ხდება ავტომატური ან ნახევრად ავტომატური გზით. პრაქტიკა აჩვენებს, რომ პენიტენციურ სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, ამ ეტაპზე ხორციელდება არაავტომატური გზით. დოკუმეტების დამუშავება ხორციელდება საიდუმლო საქმის წარმოების წესების დაცვით, თუმცა უმეტეს შემთხვევში ხელით, ქაღალდზე მუშაობით და ფაქტობრივად ამ ეტაპზე არ არსებობს ავტომატურად მონაცემების დამუშავების პრაქტიკა.

შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციურ სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესი გარე სამართლებრივი კონტროლის მექანიზმის გარეშე არის დატოვებული.

ამ ორი უწყების მანდატის და მათი უფლებამისილების საკანომდებლო ჩარჩოს ანალიზი ცხადყოფს, რომ გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის პრინციპები და პრაქტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივი კანონდებლობის საფუძველზე თითქმის შეუძლებელია გარე კონტროლის განხორციელება უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რა სახის რისკები არსებობს და ვინ იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს?

უსაფრთხოების სამსახური, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებებს დაწესებულებაში პირის განთავსებასთან, პირადი უსაფრთხოების დაცვასთან, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

გარდა იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ პირთან დაკავშირებული ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები (რისი შეფასების კომპეტენციაც აქვთ ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს და ექიმებს), აუცილებელია იყოს შესაძლებელი იმის მონიტორინგი, რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით მიიღება ასეთი სახის გადაწყვეტილებები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი სახის გადაწყვეტილებები ექცევა სახელმწიფო საიდუმლობის ქვეშ, ხოლო გარე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფაქტობრივად შეზღუდულია. გარდა ამისა, ამ პროცესში არ არიან ჩართულნი სხვა პროფესიონალები, ვისი მოსაზრებებიც უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, რომ კონკრეტული ტიპის დაწესებულებაში პირის განთავსებასთან დაკავშირებული გადაწვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც, თუმცა ამ ახალი ცვლილებების საფუძველზე გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღონ მხოლოდ ცენტრალურ დონეზე და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ტიპის დაწესებულებაში განთავსდეს ესა თუ ის პირი, ხოლო დაწესებულებებში ადგილებზე რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ისევ ძველ მეთოდებზე დაყრდნობით მიიღება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ჯერ-ჯერობით ისიც არ არის განსაზღვრული პენიტენციური დეპარტამენტის მულტიდისციპლინურმა გუნდმა რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტიულება, შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპები ჯერ არ არის შემუშავებული.

ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ გარე მონიტორინგის განხორციელება და კონტროლი პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ვერ ხორციელედება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რისკს იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას არაკომპეტენტურად, ან ბოროტად იქნას გამოყენებული ეს მექანიზმი სხვადასხვა პირების მიმართ, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკისა და უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის არაერთხელ გასაჯაროების გამო.

მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ სისტემაში არ მიიღებოდეს ისეთი სახის გადაწყვეტილებები, რაზეც სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ ექნება არცერთ უწყებას. ეს სისტემა თავისთავად არის მაღალი რიკის შემცველი ადამიანის უფლებების დარღვევების თვალსაზრისით, რაც წარსულმა გამოცდილებაც აჩვენა. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი სახის მონაცემებზე წვდომა უკონტროლო იყოს, სავსებით შესაძლებელია დაცული იყოს ბალანსი უსაფრთხოების სამსახურის ლეგიტიმურ მიზნებსა და პატიმართა უფლებების დაცვას შორის.

როგორი სახის დინამიური უსაფრთოების სისტემა უნდა არსებობდეს?

უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე დინამიური უსაფრთხოების სისტემა, როგორც ეს არის ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში. დინამიური უსაფრთხოების სისტემა აგებული უნდა იყოს მულტიდისციპლინურ მუშაობაზე, სხვადასხვა სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაზე. ნებისმიერ სახის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩათული უნდა იყვნენ, როგორც უსაფრთხოების და რეჟიმის სამსახურის წამომამდგენლები, ასევე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სამედიცინო პერსონალი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები შეუძლებელია არსებობდეს აბსტრაქტულად და იყოს საიდუმლოებით მოცული, რისკ-ფაქტორების უმეტესობა პირდაპირ უკავშირდება ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს და ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პროფესიონალების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არა მარტო რისკების იდენტიფიცირებისას, არამედ შემდგომი ჩარევების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას.

მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პროცესში, გუნდის წევრები, მათი პროფესიული საქმიანობის შესაბამისად, თვითონ უნდა საზღვრავდნენ პერსონალური მონაცემების დაცვის, პატიმრებთან ურთიერთობისა და ზოგადად კონფიდენციურობის პრინციპიდან გამომდინარე, რა სახის ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს ჯგუფის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა, ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებს ეთიკური ნორმები პირდაპირ ავალდებულებდეს პერსონალური მონაცემების დაცვას.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ განვითრებულ ქვეყნებში ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის ინსტიტუტი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და არის წამყვანი პროფესიები პენიტენციურ დაწესებულებების ფუნქციონირებაში. ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკების მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს საჭიროებებზე დაფუძნებული ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქო-სოციალური მუშაობის ორგანიზება. ეფექტური ფსიქო-სოციალური მუშაობა პატიმრებთან, სხვადასხვა სახის სერვისების შეთავაზების გზით, მნიშვნელოვნად ამცირებს მათი მხრიდან დელიქვენტური ქცევის რისკს, რაც უსაფრთხოების სისტემას დაწესებულებაში უფრო ეფექტიანს ხდის. ასე რომ,  სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის სამსახური უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

რომელი ჯგუფი არის ყველაზე მოწყვლადი არსებული უსაფრთხოების სისტემის პირობებში?

უსაფრთხოების სისტემის არსებული მოდელის პირობებში ყველაზე დაუცველ, მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბავშვები. „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, 2014 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ექსპერტებმა, ჩაატარეს საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში. ანალიზმა გამოკვეთა საკანონმდებლო ხარვეზები, სადაც დასკვნის სახით ხაზგასმულია:

”აღნიშნული ხარვეზი ზრდის რისკს, რომ შესაძლოა ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებოდეთ იმ პირებს ან ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამ მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენებამ ან გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში ეფექტურად ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, ზოგადად სტიგმატიზაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე და ძირეულად შეცვალოს მისი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების, ზოგადად სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ. ეს ფაქტორები ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაზე“.

საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში. მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, როგორც ინფრასტუქტურის თვალსაზრისით, ასევე არსებული ადამიანური რესურსების (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ა.შ) და მოქმედი საგანმანათალებლო-სარეაბილიტაციო პროგრამების კუთხით, იმ დაწესებულებებს, სადაც ბავშვები არიან განთავსებულნი, აქვს რეალური რესურსი უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოდიფიცირებისთვის.

აქედან გამომდინარე, პენიტენციური სისტემა მზად არის, რომ ბავშვებთან მიმართებაში ჩამოყალიბდეს დინამიური უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელიც აგებული იქნება მულტიდისციპლინური მუშაობის პრინციპზე, სადაც ჩართული იქნება სპეციალური ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პერსონალი, რაც გამორიცხავს პოლიციური სისტემის ტიპის მმართველობას, დაცული იქნება კონფიდენციალობა და სისტემა მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე.

მთავარია გადაწყვეტილების მიმღები პირების/ორგანოების მხრიდან ნების გამოვლენა, რომ მსგავსი ცვლილებების განხორციელება დაიწყოს.