საჯარო ინტერესი ბავშვის საუკეთესო ინტერესის წინააღმდეგ – ტატო ქელბაქიანი

საჯარო ინტერესი ბავშვის საუკეთესო ინტერესის წინააღმდეგ.

რატომ არის მნიშვნელოვანი არასრულწლოვანთა სასამართლოს პროცესების ეფექტური მონიტორინგი.

 

ბოლო 15 წლის წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, პოლიციელებთან, პროკურორებთან, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთან. სწორედ მათთან ურთიერთობის პროცესში გავიგე პირველად ტერმინი – „არგასაზრდელები“, რომელსაც ისინი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დასახასიათებლად იყენებდნენ. ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ის სახუმარო ტონი იყო, რომლითაც ამ სიტყვას წარმოთქვამდნენ. რთული იყო იმის გააზრებაც, რომ მოხელეები, რომლებსაც სამსახურეობრივად ევალებათ ზრუნავდნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის მომავალზე, მათ ამ ტერმინით მოხსენიებდნენ. ამ მიდგომიდან, ნათლად ჩანდა, როგორც ინსტიტუციური კულტურის მანკიერი სახე, ასევე ამ პირთა დამოკიდებულება ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართ. ძალიან რთული იყო ამ ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ ამ მოზარდების რეაბილიტაცია/რესოციალიზაცია მნიშვნელოვანი და შესაძლებელია, მათ ამის უბრალოდ არ სჯეროდათ.

ხშირად მიფიქრია როგორია, ზოგადად საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ, რამდენად განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანების შეხედულებები ამ ე.წ. მოხელეების პოზიციისგან?

როდესაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში “ბავშვის საუკეთესო ინტერესი”, აისახა როგორც ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, სამწუხაროდ პროფესიონალთა უმრავლესობამ კარგად ვერ გაიაზრა მისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს ამას ვერც მათმა გადამზადებამ უშველა. საზოგადოების უმრავლესობის მიერ კი ეს პრინციპი ან არასწორად იქნა აღქმული ან საერთოდ შეუმჩნეველი დარჩა. კოდექსის ავტორებმა, ისივე როგორც ჩვენ (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებზე მომუშავე ორგანიზაციებმა), ვერ შევძელით საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ უმეტეს შემთხვევაში ბავშვის მიერ გამოვლენილი ქცევა, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ სოციალურ ნორმებს, არის ზრდისა და განვითარების ნაწილი და უმეტეს შემთხვევაში ქრება სრულწლოვანების ასაკის მიღწევისთანავე. ამიტომაც მნიშვნელოვანია ბავშვებს არ მივაწებოთ მასტიგმატიზებელი იარლიყები და არ მოვუსპოთ რესოციალიზაციის შანსი.

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის ვერც იმის ახსნა, თუ რატომ არ უნდა ხდებოდეს მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული ბავშვების (მათ შორის დაზარალებულის) პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ის, რომ პირადი ცხოვრების პატივისცემის მიზანია იმ ზიანის თავიდან აცილება, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საქმის გაუმართლებელი საჯაროობით. უარყოფითმა საჯაროობამ კი შეიძლება მოახდინოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც უარყოფითად აისახება მის შესაძლებლობაზე, მიიღოს განათლება, მოიძიოს სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, უფრო მეტიც, შესაძლებელია ბავშვი ვაქციოთ საყოველთაო სიძულვილის ობიექტად და ახალი დანაშაულის მსხვერპლად.

წლები გადის, თუმცა უცვლელია სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი. საზოგადოება შეძრა ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ. ბუნებრივია ყველამ ერთად უნდა ვეძებოთ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა კანონის ფარგლებში უნდა აგონ პასუხი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია რამდენად წარიმართა ამ მოზარდების საქმის განხილვა იმ პრინციპების სრული დაცვით, რის მნიშვნელობაზეც ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ. ჩემი მიზანი არ არის ვინმეს დამნაშავეობის ან უდანაშაულობის მტკიცება და ეს ბლოგი ბრალეულობის განსაზღვრის საკითხებს არ ეძღვნება, ხორავას საქმე არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მოუმზადებელია სახელმწიფო ბავშვის საუკეთესო ინტერესის დასაცავად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არის ასეთი სახის საჯარო ინტერესი საზოგადოების მხრიდან. შესაძლოა ყოველ კვირა ასეთი ათობით საქმეა, სადაც ბავშვები პირისპირ რჩებიან შიშთან, სირცხვილთან, გაურკვევლობასთან, თავს დაუცველად გრძნობენ იმ სისტემის წინაშე, სადაც მათ ინტერესზე და მომავალზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ.

რამდენად შეძლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ? საერთოდ გაიაზრეს კი ეს ყველაფერი?

ის ფაქტი, რომ საწყისი ეტაპიდანვე ამ საქმის განხილვის მიმართ დიდი საჯარო ინტერესი არსებობდა, სრულიად ბუნებრივია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების შემდეგ, როგორც სისტემისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, ეს იყო ერთ-ერთი პირველი გამოწვევა, სადაც დაცული უნდა ყოფილიყო ბალანსი – საჯარო ინტერესს, მართლმსაჯულების ინტერესსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესს შორის.

საჯარო ინტერესმა, მედიის აქტიურმა ჩართულობამ, ბრალდებისა და დაცვის მხარის ტაქტიკამ, სამწუხაროდ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უკანა პლანზე გადაწია. პირდაპირი და ირიბი ფორმით მოხდა ამ პროცესში ჩართული ზოგიერთი მოზარდის იდენტიფიცირება, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტანდარტებით არის აკრძალული. არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშვნელოვანია დაზარალებული მხარის (მათ შორის გარდაცვლილის) პერსონალური მონაცმების დაცვა. თუმცა ამ საქმის განხილვამ გვაჩვენა, რომ საჯარო სივრცეში ხდებოდა არა მარტო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების, ასევე დაზარალებული (გარდაცვლილი) ბავშვების განსჯა და მათ შესახებ მასტიგმატიზირებელი ინფორმაციის გავრცელება.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რთულად თუ შეიძლება ამ პროცესს დახურული ვუწოდოთ. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზოგიერთი მოწმის ჩვენებები საკმაოდ უცნაურად საჯარო სივრცეში აღმოჩნდა. ორივე მხარე ცდილობდა მედიის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალების გამოყენებას, თავის მხრივ მედიამაც გარკვეულ წილად ნეგატიური როლი შეარულა.

ზემოთ განხილულმა შემთხვევებმა დაგვანახა, რომ მხოლოდ უფლებების დეკლარირება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესის განუხრელად გათვალისწინებას. ხარისხის კონტროლის სისტემის არსებობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომები დახურულია და ასეც უნდა იყოს, სასამართლო პროცესების მონიტორინგი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვან იარაღს, რაც ხელს უწყობს სამართლიანი სასამართლოს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გარანტიების დაცვას. სასამართლო პროცესების დამოუკიდებელ მონიტორინგს შეუძლია მოახდინოს სასამართლო სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და წარმოადგინოს რეკომენდაციები უკეთესი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით. ეს წარმოადგენს გზას სახელმწიფოს, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რათა მათ ხელი შეუწყონ სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, მის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას. მონიტორინგის პროცესი მოქცეული უნდა იყოს მკაცრად რეგულირებულ ჩარჩოებში და საჯარო სივრცეში, მედიის, სოციალური ქსელების მეშვეობით არ უნდა ხდებოდეს მოზარდების გასამართლება.

მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება შესაძლებელია ისე, რომ დაცული იყოს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით განსაზღვრული საპროცესო უფლებები. უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სახის სისტემა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება, დაცული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა ობიექტურად შევაფასოთ ამ პროცესში ჩართული მხარეების ქცევა, როგორც სასამართლო სხდომაზე, ასევე მის მიღმა.

მიუხედავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა, დღეს ჩვენ ასეთი სახის მონიტორინგის სისტემა არ გვაქვს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „ხორავას საქმის“ განხილვაში, მოზარდების გასამართლებაში, გაკიცხვაში, მათი ოჯახის წევრების ქცევების შეფასებაში და ზოგადად ამ პროცესში მთელი საზოგადოება მონაწილეობს და არავინ ფიქრობს როგორ უნდა განაგრძონ ამ ბავშვებმა ცხოვრება, თუნდაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ჩვენ ხომ გვინდა ისეთი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა ჩამოყალიბდეს, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს „არგასაზრდელებს“ არ უწოდებენ, სადაც სისტემაში ჩართულ, გადამზადებულ პროფესიონალებს აქვთ ამ ბავშვების რეინტეგრაციის რწმენა და ცდილობენ საქმის ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართვას.