პენიტენციურ სისტემაში პერსონალური მონაცემების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, განსაკუთრებით როდესაც ეს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, გასული წლის ბოლოს ჩაატარა საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი, რომელმაც გამოკვეთა ხარვეზები პერსონალური მონაცემების რეგისტრაციის, გაცნობის, გაცვლის, შენახვისა და განადგურების წესთან დაკავშირებით.
მოცემულ საკითხზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს სამინისტროს თანამშრომლებთან, რა დროსაც მოხდა შეთანხმება, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების პროცესში იქნებოდა მჭიდრო კომუნიკაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც დოკუმენტების საბოლოო სახით მიღებამდე, სამინისტროს საკუთარ მოსაზრებებს მიაწვდიდნენ პერსონალური მონაცემების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.
არასრუწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების პროექტისგან განსხვავებით, რომლის გადმოგზავნაც სამინისტროს მხრიდან ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მოხდა (დოკუმენტი ჯერ მიღებული არ არის), ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების პროექტის გაზიარებას ადგილი არ ჰქონია და მასზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მხოლოდ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოგვეცა. 2015 წლის 25 ივნისს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გამოსცა N56 ბრძანება, რითაც დაამტკიცა ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება. გვსურს შეგახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიღებულ იქნა ახალი კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“. კანონში აღნიშნული იყო, რომ, უნდა შექმნილიყო მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის დეპარტამენტი, რომელიც გამოყოფილი იქნებოდა პენიტენციური დეპარატამენტისგან. სწორედ ამ დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს იმის უფლებამოსილება, რომ დაამუშავოს სხვადასხვა სახის მონაცემები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მისი საქმიანობის რეგულირებისას მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდა ანალიტიკური დეპარტამენტის სახით და მისი ფუქციონირება დარეგულირდა N56 ბრძანებით. სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან იყო მოლოდინი, რომ სამინისტრო მსგავსი ტიპის მნიშვნელოვან დოკუმენტს ნაჩქარევად არ მიიღებდა და გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მითითებულ დოკუმენტს პერსონალური მონაცემების წარმოებისა და დაცვის საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შემოაქვს.
პირველ რიგში, მიღებული დებულება ანალიტიკურ დეპარტამენტს აძლევს ძალიან ფართო უფლებამოსილებას დაამუშავოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, არ კონკრეტდება რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი. პენიტენციურ დაწესებულებაში შეგროვებული/დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყო, როგორც პირადი საქმის მასალები, ისე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში დამუშავებული და ნებისმიერ სხვა სახის ინფორმაცია (N56 ბრძანება, მ.10, 1,ა). აღსანიშნავია ასევე, რომ ფუნქციები დუბლირებულია სპეციალური აღრიცხვის სამსახურთან. კერძოდ, „პენიტენციური დეპარტამენტის დებულების“ თანახმად: „სპეციალური აღრიცხვის სამმართველო უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას.“ ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების თანახმად კი – „დეპარტამენტი უზრუნველყოფს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და დანიშნულებისამებრ მიწოდებას“. მკვეთრად არ არის გამიჯნული, ვინ რა სახის ინფორმაციას დაამუშავებს, უნდა დაკონკრეტდეს აგრეთვე, ზოგადად რა ინფორმაციის დამუშავება მოხდება და რომელ უწყებებს შორის უნდა განხორციელდეს ინფორმაციის გაცვლა. ასეთი ზოგადი ჩანაწერი სრულიად მიუღებელია და ფაქტობრივად მონიტორინგის გარეშე ტოვებს მეტად სენსიტიური ინფორმაციის დამუშავება- გაცვლის პროცესს.
გარდა ამისა, დოკუმენტიდან არ ირკვევა ვის ექნება წვდომა ასეთი სახის მონაცემებზე, ვის ექნება უფლებამოსილება გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. არ არის ასევე გათვალისწინებული არასრულწლოვან პირებთან მუშაობის თავისებურებები, არ არის მითითება, რომ ამ მიმართულებით უნდა განისაზღვროს ცალკე ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მონაცემებს დაამუშავებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც გამოკვეთა საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზმა და რაც ძალიან დიდ რისკებს შეიცავს და შეიცავდა, იყო უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი. ეს საკითხი მთლიანადად დაურეგულირებლად და კონტროლს მიღმა იყო მოქცეული და სამწუხაროდ ახალი აქტების მიღების შემდეგაც ასეთად რჩება. დებულებაში არის ასეთი ჩანაწერი – „ მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველო … კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით”. კანონმდებლობა ინფორმაციის გაცვლის წესს სამწუხაროდ არ არეგულირებს, ყველგან გვხდება მხოლოდ ზოგადი ჩანაწერები, ეს კი სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, ამ ნორმაზე დაყრდნობით, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდოს სხვა უწყებებს, რა რისკის შემცველიც არ უნდა იყოს იგი. გარდა იმისა, რომ არ არსებობს ჩამონათვალი მონაცემთა კატეგორიისა, რისი გაცვლაც მოხდება.
დოკუმენტში ასევე არ ჩანს რა სახის სტატისტიკური მონაცემების დამუშავება მოხდება. ეს დოკუმენტი არ არეგულირებს მონაცემების შენახვისა და განადგურების წესს. არსებული ხარვეზები გამოკვეთა კიდეც საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზმა.
გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, აღნიშნული ხარვეზები ზრდის რისკს, რომ შესაძლოა ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებოდეთ იმ პირებს ან ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამ მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენებამ ან გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში ეფექტურად ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, ზოგადად სტიგმატიზაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე და ძირეულად შეცვალოს მისი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების, ზოგადად სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ. ეს ფაქტორები ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაზე.