USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციების, პრევენცია პროგრესისთვის და სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით, სასამართლოს ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან. რიგით მესამე შეხვედრა 27 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს სათემო ცენტრში ჩატარდა და მას 18 მოქალაქე დაესწრო.
პროექტის ექსპერტებმა და გადამზადებულმა მოხალისეებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია სარჩელის მზა ფორმების მოძიების, სასამართლოში მხარეთა უფლებების, უფასო იურიდიული დახმარების შესახებ. პროექტის წარმომადგენლებმა მონაწილეებისგან მიიღეს ინფორმაცია სასამართლოში მიმართვისას მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და სირთულეების თაობაზე.
სასამართლოს ხელმისაწვდომობის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა დასახელდა, კერძოდ, სარჩელის განხილვის ვადების გაჭიანურება, პოლიციის განყოფილებებსა და სასამართლოში თარჯიმანთა ხელმისაწვდომობის პრობლემა, რის გამოც მოქალაქეები სრულყოფილად ვერ იგებენ სასამართლოში მიმდინარე პროცედურებს.
ადგილობრივებმა ისაუბრეს ასევე პოლიციის მიერ სოფლებში ჩატარებული უკანონო ჩხრეკის შემთხვევებზეც.
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს დაურიგდათ სამართლის ექსპერტის მიერ მომზადებული მცირე გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს მოკლე ინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
პროექტის ფარგლებში კიდევ 5 საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება, რომელიც გაიმართება არა მხოლოდ რეგიონულ ცენტრებში, არამედ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც, შეხვედრის შესახებ წინასწარ ეცნობება ადგილობრივ მოსახლეობას პრევენცია პროგრესისათვის და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის Facebook გვერდის მეშვეობით.