ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. უნდა შეიქმნას გარემო, რომელიც პასუხობს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, იძლევა მათი ჩართულობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით “პრევენცია პროგრესისთვის” (PFP) “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრთან” (CEAC) ერთად იწყებს პროექტს – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის”, რომელის მთავარი შედეგი უნდა იყოს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 15-29 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი, თუ რამდენად პასუხობს ახალაგაზრდების საჭიროებებს და რამდენად არიან ახალგაზრდები ჩართულნი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამას გარდა, უნდა მოხდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 15-29 წლამდე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ადვოკატირება (ახალგაზრდული საჭიროებების კონტექსტში). ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)“ ინსტიტუციური გაძლიერება. ამ მიზნით კი, განხორციელდება – CEAC-ის წევრების გადამზადება მრავალი მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მონაწილეობის გაზრდას მარნეულის მუნიციპალიტეტში. ასევე, გაიმართება ბევრი საინტერესო ღონისძიება, კერძოდ, ახალგაზრდებს შორის საჯარო დებატები და სხვადასხვა სახის კონკურსი, ამასთან იგეგმება სამაგიდე და თვისებრივი კვლევის ჩატარება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით BREN-ის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მედეგობის გაზრდა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში.