ყოველთვის, როდესაც „კანონიერი ქურდების“ წარმოშობის ისტორიაზე ვიწყებთ საუბარს, უმეტესობას გვახსენდება ფრაზა – „ეს სტალინის შექმნილია“. რასაკვირველია ეს სიმართლეა, იმ მცირედი გამონაკლისით, რომ მაშინდელ რეპრესიულ სისტემას ეს წესები კი არ შეუქმნია, არამედ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეფექტიანად გამოიყენა.
რა იყო ამ ჯგუფისთვის ძალაუფლების გადაცემის მთავარი მიზანი? ძირითადად ეს იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნისას, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში („გულაგებში“) ამ ჯგუფების კონტროლი და მათი მონურ შრომაში ჩართვა. კრიმინალური ჯგუფები პირდაპირ იყვნენ ჩაწერილნი საბჭოთა სისტემაში და რეპრესიული სისტემის ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს იარაღს წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში მათი გავლენა ციხის გარეთაც გავრცელდა და პირდაპირ მოხდა მათი შერწყმა ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამ პროცესმა ხელი შეუწყო კორუფციული სქემების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც ამ ჯგუფების ფინანსური შემოსავლები და გავლენები გაიზარდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა სისტემა არ შეცვლილა და კრიმინალური ჯგუფების ხელისუფლებასთან შერწყმის პროცესი ახალი ენერგიით ამოქმედდა. 90-იან წლებში ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკურ-კრიმინალური ორგანიზაციები („საძმოები“) და განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურების სრული დეგრადაცია კრიმინალური ჯგუფების გაძლიერების ხარჯზე. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მათი ფუნქციები რეალურად არ შეცვლილა, ისინი ისევ ინარჩუნებდნენ გავლენას, როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთაც. უკვე ამ ეტაპიდან დაიწყო მათი აქტიური გამოყენება საარჩევნო პროცესში, რის სანაცვლოდაც ცხადია კრიმინალური დაჯგუფებები იღებდნენ შესაბამის სარგებელს.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლამ აქტიური სახე მიიღო. შემცირდა „კანონიერი ქურდების“ გავლენა ქვეყანაში, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ფინანსური შემოსავლები, „ქურდული სამყაროს“ წევრობა კანონმდებლობის შედეგად დასჯადი გახდა და დაიწყო ქვეყნიდან მათი მასიური მიგრაცია. თუმცა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ზოგიერთმა მეთოდმა, მათ რეანიმირების შანსი დაუტოვა, ეს ყველაფერი მათ ეფექტურად გამოიყენეს და ხელისუფლების ცვლილებების პროცესში, მათ შორის არჩევნებში აქტიური ჩართულობით, შეძლეს გავლენების მნიშვნელოვნად აღდგენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, იმ ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო ცდუნებას, კრიმინალური ჯგუფები არჩევნებში გამოეყენებინა.
2013 წლის შემდგომ, ჩვენ თვალს ვადევნებდით კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის ზრდას ქვეყანაში.
2022 წელს, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანი იყო – კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის შეფასება საარჩევნო პროცესში. შეფასდა, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული გარემო.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საარჩევნო პერიოდში კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან. მათი გამოყენება ხდებოდა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების მიერ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მთავარ საშუალებას არა ფიზიკური ძალადობის, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის, ზეწოლის და დაშინების მეთოდები წარმოადგენდა.
კვლევის ფარგლებში ე.წ „კანონიერი ქურდების“ ჩართულობის შემთხვევებიც გამოიკვეთა. რესპონდეტების ნაწილის განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერ ქურდები“, ე.წ. „პრაგონით“ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადგილებზე ქალაქების, თუ უბნის მაყურებლები, ასევე ყველა ის დაჯგუფება, რომელიც ამ სუბკულტურას მიაკუთვნებს თავს ან მის მიმართ პატივისცემით არის განმსჭვალული, არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატს უნდა დახმარებოდა. „კანონიერი ქურდების“ ასეთი ფორმით ჩართულობა განსაკუთრებით იმ რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში გამოიყენებოდა, სადაც ამის საჭიროება იკვეთებოდა და არსებობდა შესაბამისი ნიადაგიც ადგილზე.
ამომრჩევლების ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ცხადია კონკრეტული სტატუსის მქონე კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ „მაყურებლები“ და „უბნის ავტორიტეტებიც“ იყვნენ ჩართულნი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ ჯგუფებსა და საჯარო მოხელეებს/მმართველი პარტიის წევრებს/აქტივისტებს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილი იყო. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ფიქტიური არასამთავრობო/სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია და მათი წარმომადგენლების უკვე ოფიციალურად, დამკვირვებლის სტატუსით მობილიზება უბნებზე. კვლევის რესპონდენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღნიშნა, რომ „კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე უკვე მოქმედებდნენ, როგორც ოფიციალური სტატუსის მქონე პირები და ამ ფორმით ცდილობდნენ ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, სხვა დამკვირვებლების პროვოცირებას მათი საარჩევნო უბნიდან გაძევების მიზნით და სხვა.
სამწუხაროდ, ხელისუფლება დღეს ისევ აქტიურად იყენებს საბჭოთა სისტემის ფარგლებში ჩამოყალიბებულ მექანიზმებს და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით თანამშრომლობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ამ კუთხით, სხვადასხვა მეთოდის დახვეწის გარდა, არსებითად არაფერი არ შეცვლილა.