კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება

კოალიცია უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.[1]

2021 წლის ივნისის შემდეგ, თითქმის ორი წელია საბჭო ათი წევრის შემადგენლობით, 5 არამოსამართლე წევრის გარეშე მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, საბჭოს სიღრმისეულ რეფორმასთან ერთად, გათვალისწინებულია კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებშიც.[2] საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი აქტორები ხშირად მოუწოდებდნენ პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრებად დაენიშნათ მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირები, ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე.  

პარლამენტმა 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა არამოსამართლე წევრების შესარჩევი კონკურსი, სადაც 32 კანდიდატი მონაწილეობდა.[3] მათ შორის იყო 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს.[4] კოალიციის მიერ მხარდაჭერილმა ვერც ერთმა კანდიდატმა კენჭისყრაზე  ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.[5]

არამოსამართლე წევრები საბჭოში უნდა უზრუნველყოფდნენ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ზოგიერთი არამოსამართლე წევრი ხელს უწყობდა  და აძლიერებდა „კლანს“, მაგრამ მეორე მხრივ, განსხვავებულ აზრებს სწორედ არამოსამართლე წევრები აჟღერებდნენ. იმ პირობებში, როცა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანამდებობაზე არჩეულიყვნენ პირები, რომლებიც სწორად აიდენტიფიცირებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – კლანურ მმართველობას.  

ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის გასაუბრებებმა აჩვენა, ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს.   

დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ  მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს “კლანის” მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმდენად რამდენადაც, იგი დააზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არჩეულ კანდიდატებს, არ აქვთ სასამართლოს სისტემის გაჯანსაღების რეალური პოლიტიკური ნება და  ფუნდამენტური რეფორმების ხედვა. 

 

[1] პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი აირჩია, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2023 წლის 17 მაისი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/parlamentma-iustitsiis-umaghlesi-sabchos-3-akhali-tsevri-airchia?fbclid=IwAR0Xq-3jQ44dtwVux4HHVqGnl8bKdhHOTCAVzxqqp7AtmfZLg-Pm5VmF3OY, განახლებულია: 17.05.2023.

[2] Opinion on Georgia’s application for membership of the European Union, European Commission, 16 June 2022.

[3] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, 2022 წლის 20 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/sakartvelos-parlamentis-mier-iustitsiis-umaghlesi-sabchos-khuti-tsevris-asarchevi-ganatskhadebis-migheba-dasrulda-ikhilet-kandidatebis-sia?fbclid=IwAR23qqinaxJmsfIdnYQxY0jsFyah-NBB07sTmuH3kgzpYJJC7dQEU5dugSQ, განახლებულია: 17.05.2023.

[4] კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კოალიციის მიერ მხარდაჭერილი ხუთი არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა, 2022 წლის 10 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/4dp9ec7d, განახლებულია: 17.05.2023.

[5] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხის კენჭისყრა საგაზაფხულო სესიისთვის გადავადდა, 2022 წლის 22 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://tinyurl.com/4z32ycst, განახლებულია: 17.05.2023.