კვლევის პრეზენტაცია – კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე

10 სექტემბერს, ხუთშაბათს, 15:30 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ (მ.კოსტავას ქუჩა N14), ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისი“ (PRI) ატარებენ კვლევის პრეზენტაციას თემაზე – „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“. კვლევა ჩატარდა ღია საზოგადოების ფონდის და ევროკავშირის დაფინანსებით.

კვლევის შედეგები აერთიანებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა განხორციელდა სამაგიდე კვლევის პრინციპით. ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა განხორციელდა თვისებრივი კვლევის (ჩაღრმავებული ინტერვიუები ყოფილ თანამშრომლებთან, ყოფილ პატიმრებთან და ექსპერტებთან) და სამაგიდე კვლევის (კვლევების/ანგარიშების მეორადი ანალიზი) გზით. ანგარიშში ასახული რეკომენდაციები ეხება უშუალოდ ადგილობრივ პრაქტიკაში არსებული გამოწვევებს.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ თითქმის ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეინიშნება პატიმრების დაყოფა გავლენის ჯგუფების მიხედვით, რომელთა სათავეშიც იმყოფებიან ე.წ „მაყურებლები“, „პალაჟენცები“. ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ დაწესებულების ფუნქციონირების სხვადასხვა სეგმენტზე (წესრიგი და უსაფრთხოება; პატიმართა მიღება-განთავსება; გასაჩივრების პროცედურები; სარეაბილიტაციო პროცესი, კონფლიქტების მოგვარება და ა.შ).  გამოიკვეთა, რომ კვლევის პერიოდში, ავტორიტეტულ პატიმრებს ჰქონდათ სხვა პატიმრებისგან განსხვავებული, პრივილეგირებული საცხოვრებელი პირობები, როგორც საკნის მოწყობის, ისე უფლებრივი მდგომარეობის კუთხით. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ პატიმრებს შორის აშკარად უთანასწორო ურთიერთობაა, სადაც პატიმრების უმეტესობა იძულებულია დაემორჩილოს გავლენის მქონე ჯგუფებს და მათ მიერ განსაზღვრულ წესებს, მათ ფაქტობრივად არ აქვთ დომინანტი ჯგუფის გადაწყვეტილებების გაპროტესტებისა და მათ მიერ დადგენილ არაფორმალურ რეგულაციებზე  უარის თქმის შესაძლებლობა.

პატიმრების ნაწილისთვის სუბკულტურაში არსებული მაღალი იერარქიისკენ სწრაფვის მთავარ მოტივაციას, წარმოადგენს პრივილეგიებისა და შეღავათების მოპოვების სურვილი, ხოლო მეორე ნაწილისთვის კი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიის მიღება. პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული კრიმინალური სუბკულტურა წარმოადგენს პატიმრებს შორის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკომონიკური ძალადობის წყაროს. განსაკუთრებით მწვავედ დგას ეკონომიკური ძალადობის პრობლემა, რაც ძირითადად გამოიხატება ე.წ „საერთოს“ შეგროვების პროცესში პატიმრების იძულებით მონაწილეობაში. რესპონდენტთა ნაწილის მხრიდან გაკეთდა მინიშნებები  აღნიშნულ  პროცესში თანამშრომელთა შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

კვლევამ ცხადყო, რომ გავლენის მქონე პატიმრები ვერ იარსებებენ ციხის ადმინისტრაციის მდუმარე თანხმობის, ან უფრო მეტიც, მათი ხელშეწყობის გარეშე. თანამშრომლები პატიმრებთან ერთად ქმნიან ინსტიტუციურ კულტურას და ამით პირდაპირ ახალისებენ კრიმინალური სუბკულტურის არსებობას პენიტენციურ დაწესებულებებში. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე თანამშრომელთა მძიმე სამუშაო პირობები და მათი სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობა; დაწესებულებებში არსებული ადამიანური რესურსების დეფიციტი; ინფრასტრუქტურული პრობლემები; რისკების შეფასების გაუთვალისწინებლობა პატიმართა განთავსებისას და ა.შ. ეს ფაქტორები  ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას პენიტენციურ დაწესებულებებში.

კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევები არ არის დამახასიათებელი ყველა დაწესებულებისთვის და ამ კუთხით არსებობს ერთეული გამონაკლისებიც (მაგ.#16 პენიტენციური დაწესებულება).

კვლევის მიგნებების საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, როგორც პრაქტიკულ, ისე საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე.  

კვლევა ჩატარდა „ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტის – „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – ,,ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და რეფორმების ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“  ფარგლებში.


კვლევის სრული ვერსია – 
https://www.rivg.ge/media/1001537/2020/09/08/852475fa2ef4b65cd0207afc1db4f1eb.pdf