„თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს

24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 11 წლის წინანდელ სავარაუდო ფაქტზე ბრალდება წაუყენა. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის საფუძვლიანობის შესახებ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. მას შემდეგ აღნიშნული პირების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე.

ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ეცნობოს რა ეტაპზეა „თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პასუხგაუცემელი კითხვები მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში.

მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

მწვანე ალტერნატივა

საქართველს ატლანტიკური საბჭო

საფარი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ადამიანის უფლებათა ცენტრი