2023 წლის 6 თებერვალს გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, თბილისში გაიმართა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრალური მენეჯმენტის მულტიუწყებრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სისტემაში ჩართული უწყებები, მათ შორის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრსოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, უშუალოდ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და სხვა რელევანტური უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია ისეთ კონცეფტუალურ საკითხებზე, როგორიცაა, რეფერირების სამიზნე ჯგუფი და ასევე უწყებათაშორისი მუშაობის პრაქტიკა და გამოწვევები. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო კონცეფტუალური საკითხების გადაწყვეტის მნიშვნელობა და ნორმატიული ცვლილებების საჭიროება. მულტიუწყებრივ შეხვედრას მოდერაციას უწევდა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.
მულტიუწყებრივი შეხვედრები იმართება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, – „პრევენცია პროგრესისთვის, – ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება.