პროექტის “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ფარგლებში, ხუთი თვის განმავლობაში არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 15-29 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას.
პროექტის განხორციელების პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი ცვლილება და შედეგი იქნა მიღწეული, კერძოდ, განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებების კონტექსტში, სადაც არის ასახული, ბიუჯეტის დაგეგმვის და ახალგაზრდების საჭირობების ასახვის მიმართულების კუთხით არსებული პოლიტიკა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კვლევა ხელმისაწვდომია PFP-ის ვებგვერდზე და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს, როგორც მტკიცებულება ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
პროეტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო მარნეულის ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მიზანს ემსახურებოდა სხვადასხვა შინაარსის ვიდეო კონტენტის (ვიდეო ბლოგები; ჟურნალისტური ნაშრომი; ვიდეო რგოლები) განთავსება სოციალურ ქსელებში, რომელმაც მოიცვა ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ახალგაზრდების დიდი ნაწილი. აღნიშნულ ვიდეო კონტენტში ასახული იყო ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევების თაობაზე, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდებს და მათი გადაჭრის გზებს. გარდა ამისა, ჩატარდა საჯარო დებატების კონკურსი ახალგაზრდებს შორის, შედეგად, გაძლიერდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც მომავალშიც ექნება შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე ადვოკატირება გაუწიოს სხვადასხვა გამოწვევების დაძლევას.
პროექტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილობრივი ორგანიზაციის „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)“ ინსტიტუციური გაძლიერება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში CEAC-ის წევრებს არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს, სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების წარმოების ფორმებს, ასევე, სოციალური მედიის მართვასა და მედია ორგანიზაციებთან ურთიერობას. ორგანიზაციის მდგრადობის შენარჩუნებისთვის მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი ფონდების მოძიებისა და პროექტების წერის კუთხით. გარდა ამისა, CEAC-ისთვის შემუშავდა კომუნიკაციების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამის შედეგად, ადგილობრივ დონეზე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის გაძლიერების მიმართულებით, რომელიც მუშაობს ახალგაზრდების, ქალების და უმცირესობების უფლებებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე. მიღებული უნარები, მისცემს შესაძლებლობას CEAC-ის გუნდის წევრებს, გააგრძელონ პროფესიული ზრდა და ორგანიზაციის განვითარებაზე მუშაობა და განახორციელონ აქტივობები/პროექტები ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით, რაც განსაკუთრებით უკავშირდება ახლაგაზრდების საჭიროებებს მუნიციპალიტეტში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების ადვოკატირების კუთხითაც, რის შედეგადაც მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის სპორტის სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც ძირითადად ახალგაზრდებზეა ორიენტირებული, გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 82%-ით გაიზარდა.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” მიერ “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან (CEAC)” თანამშრომლობით, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით.