მივმართავთ საქართველოს მთავრობას, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღწერილ უმძიმეს ფაქტებზე. არ არსებობს არანაირი სტატუსი და მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა, არათუ გაამართლოს, არამედ შეამსუბუქოს ის მძიმე გარემოებები და ფაქტები, რომლებზეც ანგარიშშია საუბარი.
ანგარიში ეხება ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ დამამცირებელ, ღირსების შემლახავ, არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. გამოძიებამ სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და გამოავლინოს ყველა, ვინც ამ უმძიმეს დანაშაულში იყო ჩართული, ყველა ვინც, ბავშვების მიმართ არადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტებს „აფარებდა ხელს“. შეგახსენებთ რომ ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, მასზე ზედამხვედველობა ასევე ევალება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
პანსიონში, მონიტორინგისთვის დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ უშვებდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა დანაშაულს. ომბუდსმენის, არასამთავრობო სექტორის, მედიის და საზოგადოების აქტიური პროტესტის შედეგად პანსიონში არსებული რეალური ვითარების დადგენა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხერხდა. რას ყვებიან პანსიონის აღსაზრდელები, რამდენიმე ამონარიდი ანგარიშიდან:
– “არასრულწლოვნები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ,
ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ
მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე”;
– “პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ
ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას”;
– “აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს
აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას,
თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ”;
– “ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის
აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში.
მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა”;
– “ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა”;
– “როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ,
აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები,
დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ”;
– “აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო
დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ”;
– “ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი
დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა”;
– “დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე
ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება”;
– “არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში
დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც;
– “ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა
ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს;
– “ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ,
რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას.”
მივიჩნევთ რომ აუცილებელია, დაუყოვნებლივ რეაგირება და მოქმედება, არა მხოლოდ დანაშაულის გამოვლენის და დამნაშევების დასჯის, არამედ მსგავსი დანაშაულების პრევენციის კუთხითაც. სახელმწიფო უწყებებმა, ადამიანის უფლებათა დამცველ არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მაქსიმალურად უნდა დააჩქარონ და გააქტიურონ, მსგავსი პანსიონების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.